ინფრასტრუქტურის სამშენებლო სექტორი სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგიის რეფორმას ითხოვს. დარგის წარმომადგენლების განცხადებით, მოქმედი სატენდერო პირობები ხშირად არ ითვალისწინებს სპეციფიკურ „ზედნადებ ხარჯებს“, რაც კომპანიებს განვითარების რესურსს ართმევს და პროექტების ხარისხიანად შესრულებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

როგორც BMG-სთან “ტესენ ჯგუფის” მმართველი დირექტორი გიორგი თავართქილაძე აცხადებს, ტრადიციული ხარჯთაღრიცხვა, რომელიც მხოლოდ მუშახელს, მასალასა და ტექნიკას ითვალისწინებს, თანამედროვე მშენებლობის რეალურ ხარჯებს ვერ ფარავს. კომპანიებს უწევთ საკუთარი მოგების მარჟიდან დააფინანსონ ისეთი კრიტიკული კომპონენტები, რომლებიც პროექტის დოკუმენტაციაში საერთოდ არ ჩანს.

„ჩვენი ხედვა, რაც მშენებელთა ასოციაციას მივაწოდეთ, არის ის, რომ ყველა პროექტს თვითღირებულების გარდა, აქვს თავისი ზედნადები ხარჯები. ეს მოიცავს დემობილიზაცია-მობილიზაციას, საინჟინრო მომსახურებას, შრომის უსაფრთხოებას, მომუშავე თანამშრომელთა დაზღვევას, რეგიონებში არსებული პროექტების შემთხვევაში მათ ცხოვრებასა და კვებას. ასევე ლოგისტიკურ უსაფრთხოებას და სხვა რისკებისგან დაზღვევას. ეს ყველაფერი დაახლოებით 8-დან 10 პროცენტამდე მერყეობს ჯამურად პროექტის ჭრილში“ - ამბობს გიორგი თავართქილაძე.

მისივე თქმით, ამ 10%-იანი სხვაობის დაფარვა კომპანიებს საკუთარი მოგების მარჟიდან უწევთ, რის გამოც, ბიზნესი სტაგნაციის რეჟიმში გადადის.

„ეს ხარჯები არ იყო გათვალისწინებული არცერთ ტენდერში და აქედან გამომდინარე, პირდაპირ კომპანიის მოგებიდან იფარებოდა. ეს კი საშუალებას აღარ აძლევს კომპანიას გრძელვადიან განვითარებაზე იფიქროს, ძირითადი საშუალებები შეიძინოს, ახალი ტექნოლოგიები დანერგოს ან კადრები გადაამზადოს. ჩვენი აზრით, პირდაპირ დანახარჯებს - მუშა ხელს, მასალასა და მექანიზაციას პროექტის ზედნადები ხარჯები უნდა დაემატოს და უკვე ამის შემდეგ დაირიცხოს კომპანიის მოგება“ - განმარტავს გიორგი თავართქილაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიების მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში აქცენტი გაკეთდეს არა მხოლოდ დაბალ ფასზე, არამედ ადეკვატურ ანაზღაურებაზე, რაც კომპანიებს სწორი სტრატეგიის დასახვის საშუალებას მისცემს.

„გვინდა, კომპანიებს შეეძლოთ სწორი განვითარების სტრატეგიის დასახვა და მრავალწლიან გათვლაზე აქცენტირება და არა იმაზე, თუ წლიდან წლამდე როგორ გავიტანოთ თავი.

ამით უკვე სახელმწიფოც მიიღებს სწორ პროდუქტს სწორ ფასად, კომპანიებიც შეასრულებენ სამუშაოებს მოთხოვნილი ხარისხითა და ვადებში. საბოლოო ჯამში, ყველა ამ პროდუქტის უშუალო მომხმარებელი ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქეა. ვფიქრობ, ძალიან მალე ყველასთვის ადეკვატური პირობები იქნება შემუშავებული, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი საქმე და ერთ-ორ დღეში არ კეთდება“ - აცხადებს გიორგი თავართქილაძე.

bm.ge