ბალტიის ზღვაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი რისკების საპასუხოდ, პოლონეთი, „ცივი ომის“ შემდეგ, სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე ამბიციურ განახლებას გეგმავს და წლების განმავლობაში უგულებელყოფილი ფლოტის მოდერნიზებისთვის, მილიარდების გაღებას აპირებს. ამ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
ვარშავის მთავრობა ათწლეულების განმავლობაში პირველად შეავსებს სამხედრო-საზღვაო ფლოტს ახალი ფრეგატებით და წყალქვეშა ნავებით, რაც დიდი ხნის მანძილზე არასაკმარისი დაფინანსებით გამოწვეული ჩამორჩენის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. პოლონეთის ამჟამინდელი ფლოტი 1986 წლის საბჭოთა ეპოქის ერთი წყალქვეშა ნავისა და 1970-იანი წლებში აშშ-ში აგებული ორი ფრეგატისგან შედგება.
„რუსეთისგან მომავალი საფრთხე იზრდება. ჩვენ არ შეგვიძლია უგულვებელყოთ მისი ისეთი ჰიბრიდული ქმედებები, როგორიცაა, მაგალითად, ბალტიის ზღვაში გამავალი წყალქვეშა კაბელების დაზიანების გზით განხორციელებული დივერსია“, - განუცხადა „ფაინენშალ თაიმსს“ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ბეიდამ. „პოლონეთმა აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ბალტიის ზღვის უსაფრთხოებაში“, - დასძინა მან.
ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა - მათ შორის, წყალქვეშა კაბელებზე სავარაუდოდ რუსეთის მიერ მოწყობილმა დივერსიებმა და ნატო-ს საჰაერო სივრცეში რუსეთის დრონების შეჭრამ - რეგიონში გაჩაღებული ჰიბრიდული ომით გამოწვეული შეშფოთება გაზარდა.
2025 წელს პოლონეთმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.7% დახარჯა, რაც ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი წილია. ოფიციალურმა ვარშავამ ათობით მილიარდი დოლარი, ძირითადად, ამერიკული და სამხრეთკორეული სამხედრო აღჭურვილობის შეძენისკენ მიმართა.
სამხედრო-საზღვაო ძალების განახლება გულისხმობს:
პროგრამა „მეჩნიკის“ ფარგლებში, სამი მრავალფუნქციური ფრეგატის მშენებლობას PGZ-ის („პოლონეთის შეიარაღების ჯგუფი“) კუთვნილ გდინიას საზღვაო გემთმშენებელ ქარხანაში, ბრიტანულ თავდაცვით კომპანია „ბაბკოკთან“ ერთად. იგეგმება შვედეთისგან სამი წყალქვეშა ნავის შეძენაც, რაც გასული წლის ნოემბერში შეთანხმდა. აღნიშნული პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალი ნაღმოსანი ხომალდების ექსპლუატაციაში გაშვებას და წყალქვეშა ნავების დამხმარე გემის მშენებლობას.
PGZ-ის გამგეობის წევრის, იან გრაბოვსკის თქმით, პროექტი გააცოცხლებს გდინიას გემთმშენებელ ქარხანას, რომელიც გარკვეულ პერიოდში სირთულეებს განიცდიდა. „ახალი ინვესტიციების წყალობით, გემთმშენებელი ქარხანა ფერფლიდან ფენიქსივით აღდგება,“ - განაცხადა მან.
თავის მხრივ, „ბაბკოკის“ წარმომადგენელი, მარკ გოლდსაკი ამბობს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა დაეხმარება გდინიას ქარხანას, სტანდარტების მხრივ გაუთანაბრდეს კომპანიის ბრიტანულ ობიექტ „როსაიტს“, სადაც ფრეგატა Type 31 იგება. სწორედ ამ ტექნოლოგიებით აშენდება პოლონური გემებიც.
„ფაინენშალ თაიმსი“ დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი მუშაობენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ შეთანხმებაზე, რომლის ირგვლივ მოლაპარაკებები იანვარში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ვარშავაში ვიზიტის დროს დაიწყო.
წყარო: 1 არხი