გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-მ მიანიშნა, რომ შესაძლოა საერთაშორისო ჯგუფი დატოვოს, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს.

დასავლელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ-ს წარმომადგენელმა უარი თქვა რუსეთის "აგრესორად" მოხსენიებაზე იმ ქვეყნების "ძირითადი ჯგუფის" შეხვედრაზე, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ნიურნბერგი მსგავსი ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ.

40 სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის შექმნილი ტრიბუნალის მაგალითზეა დაფუძნებული. თუმცა, აშშ-ს მხარდაჭერის დაკარგვა ძლიერი დარტყმა იქნება პროექტის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

"ეს საკმაოდ რადიკალური ცვლილებაა". - უთხრა ევროპელმა დიპლომატმა Telegraph-ს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს ჯგუფი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუტოვებია და მოსალოდნელია, რომ ამერიკა მომდევნო თვეში სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრასაც დაესწრება.

მანამდე, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ უარს ამბობს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის თანასპონსორობაზე, რომელიც აღნიშნავს უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამ წელს, მხარს უჭერს კიევის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას

Reuters იუწყება, რომ მათ მიერ ნანახი რეზოლუციის პროექტი გმობს "რუსეთის აგრესიას" და ადასტურებს ერთგულებას "უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

"წინა წლებში, შეერთებული შტატები მუდმივად თანასპონსორობდა მსგავს რეზოლუციებს, რათა მხარი დაეჭირა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობისთვის" - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

ამასთანავე, Financial Times-ის ცნობით, აშშ უარს ამბობს რუსეთისთვის აგრესორის წოდებაზე G7-ის განცხადებაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წლის გასვლის შესახებ.

წყარო: ტაბულა