ირმის ნახტომში მიმოფანტული უცნაურად მოციმციმე ობიექტების საიდუმლო კიდევ უფრო გაღრმავდა.

მზისგან დაახლოებით 15 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე რაღაც ობიექტი არა მხოლოდ ნელა, მეთოდურად ასხივებს რადიოტალღებს, არამედ, როგორც დაკვირვებებმა ცხადყო, თითოეული პულსი ასევე ასხივებს რენტგენულ ტალღის სიგრძეში.

ასეთი ქცევა სრულიად ახალია და მეცნიერებს ახსნა უჭირთ.

„ასეთი ობიექტი ჯერ არასოდეს გვინახავს“, — ამბობს ავსტრალიის კერტინის უნივერსიტეტის ასტრონომი ზიტენგ ვანგი.

უკვე რამდენიმე წელია, ავსტრალიის უდაბნოში განთავსებული რადიოტელესკოპები უცნაურ ობიექტთა შესახებ მონაცემებს აგროვებენ — ობიექტებისას, რომლებიც რადიოტალღების გრძელ პულსებს გამოყოფენ და ამ თითოეულ პულსს შორის გრძელი პაუზებია.

პირველი ობიექტი 2022 წელს აღწერეს. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე და ყოველ 18 წუთში ერთხელ გამოყოფს 30-60-წამიან რადიოტალღებს. შემდეგი ობიექტი ჩვენგან 15 000 სინათლის წლის მანძილზე იპოვეს და ის 5-წუთიან რადიოტალღებს გამოყოფს ყოველ 22 წუთში ერთხელ. მესამე ობიექტი ჩვენგან 5000 სინათლის წლის მანძილზეა და 30-60-წამიან რადიოტალღებს ყოველ 2,9 საათში ერთხელ ასხივებს.

ამ დროისათვის, ასტრონომებს აღმოჩენილი აქვთ დაახლოებით 10 ასეთი გრძელპერიოდიანი გარდამავალი (LPT).

თუმცა, ახლად აღმოჩენილი ობიექტი ფსონებს უფრო ზრდის. მას ASKAP J1832-0911 უწოდეს და ორწუთიან პულსებს ყოველ 44 წუთში ერთხელ გამოყოფს; ეს პულსები შედგება რადიოტალღებისა და რენტგენული სხივებისგან.

შეიძლება ამ ობიექტის შესახებ ვერც ვერასოდეს გაგვეგო, რომ არა ის ფაქტი, რომ რადიოტელესკოპი ASKAP-ი და NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია ცის ერთსა და იმავე მონაკვეთს ერთდროულად აკვირდებოდნენ და მონაცემებს იწერდნენ. სწორედ ამ მონაცემებმა გამოავლინა უცნაური ქცევა.

„იმის აღმოჩენა, რომ ASKAP J1832-0911 რენტგენულ სხივებს გამოსცემს, თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავდა. რადიოტელესკოპ ASKAP-ს ღამის ცაზე ფართოკუთხიანი ხედვა აქვს, ჩანდრა კი მის მხოლოდ რაღაც ნაწილს აკვირდება/ შესაბამისად, უბრალოდ იღბალი იყო, რომ ჩანდრა ცის ზუსტად იმ მონაკვეთს აკვირდებოდა ზუსტად იმ დროს“, — ამბობს ვანგი.

ვრცლად პირველ არხზე