უკრაინაში ომს რუსეთის სახელმწიფო ხარჯების 40 პროცენტი ხმარდება. ნავთობითა და გაზით მიღებული შემოსავლები ეცემა, ძირითადად - სანქციების გამო. ამიტომ, ომის საწარმოებლად საჭირო ფული რუსების ჯიბიდან უნდა წამოვიდეს. გასულ წელს უკვე გაიზარდა გადასახადები, რაც საშემოსავლო გადასახადის რეფორმად მოინათლა, მაგრამ მალე კომპანიებისა და ფიზიკური პირების ფისკალური ტვირთი კიდევ უფრო დამძიმდება.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთი მომავალი წლიდან ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე გადასახადს გაზრდის - ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%-დან 22%-მდე გაზრდა დააანონსა. გარდა ამისა, მთავრობამ ქვემოთ დაწია ზღვარი, საიდანაც მცირე ბიზნესი დღგ-ით იბეგრება: თუ აქამდე ეს ზღვარი 60 მილიონი რუბლის ღირებულების გაყიდვებიდან იწყებოდა, 1 იანვრიდან ის 10 მილიონ რუბლამდე დაიწევს. ეს ნიშნავს, რომ ათასობით მცირე მომსახურების კომპანიას, რომლებიც ადრე გადასახადისგან გათავისუფლებულნი იყვნენ, ახლა სახელმწიფოსთვის ფულის გადახდა მოუწევთ.
რუსეთი ბიუჯეტის გაუარესებული დეფიციტის გამოსწორებას ისახავს მიზნად
რუსეთის ეკონომიკა, რომელსაც სტიმულაციას, გარკვეულ პერიოდში, სამხედრო შეკვეთები და სახელმწიფო სუბსიდიები აძლევდა, შენელების ფაზაში შედის.
ეკონომიკის ზრდა წელს 1%-ს არ გადააჭარბებს, მაშინ როდესაც 2024 წელს 4%-ს აღემატებოდა. ამასთან, სანქციებისა და ნავთობის ფასების დაცემის გამო, გაზიდან და ნავთობიდან მიღებული შემოსავლები მცირდება. ამ პირობებში, მოსკოვს ენერგეტიკულ წყაროებზე დაყრდნობა აღარ შეუძლია, ამიტომ ფული გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან უნდა წამოვიდეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს სესხების ასაღებად საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე წვდომა აღარ აქვს.
2026 წლის ბიუჯეტი მყიფე ვარაუდებზეა აგებული: ბარელი ნავთობის ფასი 70 დოლარი - რაც ბევრად აღემატება საერთაშორისო პროგნოზებს - და მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6%-მდე შემცირებული დეფიციტი, რაც ბევრ ეკონომისტს არარეალურად მიაჩნია. აქამდე დეფიციტი, ნაწილობრივ, რუსეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდიდან იფარებოდა. თუმცა, ეს რესურსი იწურება, რადგან რეზერვები ომის დასაფინანსებლად იხარჯება. 2026 წლისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯები სტაბილურად მაღალ დონეზე რჩება და ის მშპ-ს დაახლოებით 8%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 2%-ია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, ამიტომ არ ვიცით, სად მიდის ფული. გარდა ამისა, გარკვეული ხარჯები რეგიონებს აწვება ისე, რომ ანგარიშებში არ აისახება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ თავდაცვაზე რუსეთის სახელმწიფო ხარჯების დაახლოებით 40% მოდის.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომას, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, კრემლიდან უძღვება. 2025 წლის 31 ოქტომბერიალექსეი ბაბუშკინი / სააგენტო „ფრანს პრესი“დეფიციტი, მუშახელის ნაკლებობა... როგორ ცდილობს რუსეთი ჩრდილოეთკორეელი მუშებით თავისი ეკონომიკური სისუსტეების დაფარვას (ფრანგულ ენაზე)
უკრაინაში ომის დასაფინანსებლად, რუსები ფულს გადაიხდიან
გადასახადების ზრდა არღვევს კრემლის დოგმას იმის შესახებ, რომ ომი რუსების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას არ მოახდენდა.
რუსეთში ფასების საერთო ზრდა გარდაუვალი ჩანს: ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მან, საქონლის კატეგორიის მიხედვით, შეიძლება 10-20%-ს მიაღწიოს. ქვეყანაში, სადაც უკვე თითქმის 10-პროცენტიანი ინფლაციაა, ეს შოკი, სავარაუდოდ, მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს და შიდა მოხმარებას შეაფერხებს.
კრემლი დიდი ხნის განმავლობაში ნერგავდა იდეას, რომ ომი ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენდა და სახელმწიფო მოქალაქეებს კონფლიქტის ხარჯებისგან დაიცავდა. ახლა ეს ეპოქა დასრულდა. გადასახადების ზრდა და ხელფასების სტაგნაცია მძიმედ აწვება ქალაქის საშუალო ფენას, რომელსაც, ოდესღაც, პოლიტიკური ლოიალობის სანაცვლოდ ეფერებოდნენ.
ამავდროულად, ომის ეკონომიკის ბენეფიციარები - ჯარისკაცები, სამხედრო პირების ოჯახები და იარაღის მრეწველობა - ძირითადად, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. 2026 წლის რუსული ბიუჯეტი ასეთი შებრუნებული გადანაწილების მაგალითია, რომელიც, სამოქალაქო სექტორის ხარჯზე, სიმდიდრის სამხედრო სექტორში გადატანაში მდგომარეობს. დღეს რუსეთის ეკონომიკა, იარაღის წარმოების სექტორის გარდა, პრაქტიკულად, გაჩერებულია.