ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისურ საფეხბურთო კლუბ Wycombe Wanderers F.C.-ში საკუთარი წილის ნაწილი გაყიდა. გარიგების შედეგად ლომთაძის წილი 90%-დან 80%-მდე შემცირდა, თუმცა ის კლუბის მაჟორიტარ მფლობელად რჩება.
10%-იანი წილის მყიდველი კლუბის თავმჯდომარე და დირექტორი დენ რაისი გახდა. მან აქციები კომპანია Feliciana EFL Limited-ისგან შეიძინა, რომელიც ლომთაძის კონტროლს ექვემდებარება.
გარიგება კლუბის დირექტორთა საბჭომ და შესაბამისმა საფეხბურთო მარეგულირებელმა ორგანოებმა უკვე დაამტკიცეს.
ტრანზაქციის შემდეგ კლუბის საკუთრების სტრუქტურა ასე გამოიყურება:
- Feliciana EFL Limited – 80%;
- Wycombe Wanderers Supporters Trust (გულშემატკივართა ტრასტი) – 10%;
- დენ რაისი – 10%.
მიხეილ ლომთაძე Wycombe Wanderers-ის მაჟორიტარი მფლობელი 2024 წლის მაისში გახდა. მაშინ კლუბის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანია Feliciana EFL Ltd ლომთაძის კუთვნილ Blue Ocean Partners II Limited-ის კონტროლქვეშ გადავიდა. იმავე პერიოდში ლომთაძე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახდა.
მიხეილ ლომთაძე ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელია და Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2026 წელს ის Forbes-ის მონაცემებით საქართველოს უმდიდრეს ბიზნესმენად დასახელდა. ლომთაძე ასევე შედიოდა Forbes Kazakhstan-ის მიერ შედგენილ ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენს შორის და ბოლო რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებდა.