ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სისტემას ფუნდამენტურად ცვლის, დაწყებული იმით, თუ როგორ აკეთებენ ექიმები ჩანაწერებს გამოკვლევების დროს, დამთავრებული იმით, თუ რამდენად მზად არიან ისინი პაციენტების მისაღებად.

ამის შესახებ საუბარია Philips-ის მიერ ჩატარებულ „მომავლის ჯანმრთელობის ინდექსის 2026“ ანგარიშში, რომლის მიზანიც იყო ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედების გაზომვა ექიმებისა და ექთნების ყოველდღიურ საქმიანობაზე. 
ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ კლინიცისტების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ინსტრუმენტებს იყენებენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ჯანდაცვის სპეციალისტების 80 პროცენტზე მეტი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გააუმჯობესოს პაციენტების მკურნალობის შედეგები. ესაა 4-პუნქტიანი ზრდა 2025 წელთან შედარებით. ამასთან ათიდან შვიდი თვლის, რომ სარგებელი უკვე აჭარბებს რისკებს.

Philips-ის ინოვაციების მთავარმა ოფიცერმა, შეზ პარტოვიმ, Euronews Health-ს განუცხადა: „ეს არის პირველი წელი, როდესაც კლინიცისტების სიგნალები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა ქმნის გავლენას, რომლის გაზომვა ან სულ მცირე შეგრძნებაც მათ შეუძლიათ“.

პარტოვის თქმით, ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი დროის დაზოგვაა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სისტემებისთვის, რომლებიც ისედაც ებრძვიან მუშახელის დეფიციტს.
მისივე განცხადებით, ეს დაზოგილი დრო ნიშნავს სამუშაო და პირადი ცხოვრების უკეთეს ბალანსს, ნაკლებ სტრესს, სამუშაო საათების შემცირებას, პაციენტებთან მეტ დროს, მეტ თანასწორობას და ხელმისაწვდომობას.

ანგარიში მოიცავს 2000-ზე მეტი კლინიცისტისა და 20 000-ზე მეტი პაციენტის პასუხებს ბრაზილიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ნიდერლანდებში, საუდის არაბეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში.

კლინიცისტთა თითქმის ნახევარმა (46 პროცენტმა) განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით წელიწადში მინიმუმ 132 საათს ზოგავენ, რაც სამ სრულ სამუშაო კვირაზე მეტს უდრის. ექთნები აცხადებენ, რომ ყველაზე მეტ დროს ადმინისტრაციულ ან არაკლინიკურ ამოცანებზე ზოგავენ.

სამედიცინო პროფესიონალების დაახლოებით 71%-მა განაცხადა, რომ მათი სამუშაო პროცესები უფრო ეფექტური გახდა, ხოლო 50%-მა თქვა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გაზარდა მათი შესაძლებლობა, რომ მეტი პაციენტი მიიღონ.

მონაწილეთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააუმჯობესა მათი სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი და შეამცირა სტრესის დონე.

როგორ იყენებენ ჯანდაცვის პროფესიონალები ხელოვნურ ინტელექტს?


ხელოვნური ინტელექტის ყველაზე გავრცელებულ გამოყენებას შორისაა ადმინისტრაციული ამოცანები, როგორიცაა კლინიკური ჩანაწერების გადაწერა ან შეხვედრების დაგეგმვა.

კლინიცისტები ასევე აღნიშნავენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, როგორც „თანამგზავრს“ სამუშაოსთან დაკავშირებული იდეების განსახილველად, რენტგენის შედეგების უფრო სწრაფად მისაღებად ან წამლის ურთიერთქმედების გამოსავლენად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მონაწილეთა 39%-მა ბოლო სამი თვის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ ნახა, თუ როგორ აღმოაჩინა ან თავიდან აიცილა ხელოვნურმა ინტელექტმა პოტენციური სამედიცინო შეცდომები.

მონაწილეთა დაახლოებით 44 პროცენტმა გამოთქვა შეშფოთება ხელოვნურ ინტელექტზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო კლინიკური უნარების დაკარგვის გამო, ხოლო 37 პროცენტმა თქვა, რომ მათი როლები ძალიან სწრაფად შეიცვალა იმდენად, რომ არაკომფორტული გახდა.

რადგან კლინიცისტები ცდილობენ ამ ახალი ინსტრუმენტების ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირებას, ისინი ასევე თვლიან, რომ პროცესის ყველა ეტაპზე ადამიანის ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დაახლოებით 86 პროცენტს მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის ყველა შედეგი მოითხოვს ადამიანის ზედამხედველობას და 80 პროცენტზე მეტი აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს შეცვლის კლინიცისტების მიერ პაციენტებთან დამყარებულ ურთიერთობებს.

წყარო: jandacva.ge