მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმედი, რომ აშშ-სა და ირანს შორის თავდასხმების დროებითი შეჩერება შესაძლოა კონფლიქტის დეესკალაციის დასაწყისი გახდეს.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი, რომელიც გლობალურ საორიენტაციო ნიშნულად ითვლება, ერთ მომენტში 9%-ზე მეტით დაეცა და ბარელზე 87.59 დოლარს მიაღწია. ეს მკვეთრი ცვლილებაა გასულ კვირასთან შედარებით, როდესაც ნავთობის ფასი პირველად გაიზარდა 100 დოლარზე მაღლა.

ფასების ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმები ზედიზედ მეორე ღამით შეჩერდა, რათა „მოლაპარაკებებს სივრცე მისცემოდა“. ირანის არმიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ თეირანმა რეგიონში საპასუხო დარტყმები დროებით შეაჩერა.

აშშ-სა და ირანს შორის დაწყებულმა ომმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რადგან კონფლიქტის ფონზე ფაქტობრივად დაიკეტა ჰორმუზის სრუტე — ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი, რომელზეც მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დაახლოებით 20% გადის.

ივნისში, როდესაც აშშ-მ და ირანმა სამხედრო მოქმედებების შეჩერებისა და სრუტის გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ნავთობის ფასი ომამდელ ნიშნულს — დაახლოებით 70 დოლარს დაუბრუნდა. თუმცა, ამ თვის დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლამ გლობალური ენერგომომარაგების შესახებ ახალი შეშფოთება გამოიწვია და ფასები კვლავ გაიზარდა.

გასულ კვირას ნავთობის ფასი 100 დოლარს პირველად მაისის შემდეგ გადასცდა. დამატებითი რისკი შექმნა იემენში მოქმედი ჰუსიტების თავდასხმებმა ნავთობის ტანკერებზე წითელ ზღვაში, რაც საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან საექსპორტო მარშრუტს, რომელსაც საუდის არაბეთი ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით იყენებდა.

ბაზრების მდგომარეობის შეფასებისას საინვესტიციო სტრატეგმა სუზანა სტრიტერმა აღნიშნა, რომ ინვესტორები კონფლიქტის არაპროგნოზირებადი განვითარების გამო კვლავ ფრთხილობენ.

მისი თქმით, მიუხედავად ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნისა, ბაზარზე კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გაურკვევლობა და ეჭვი, შეძლებს თუ არა მოლაპარაკებები ხანგრძლივ შეთანხმებამდე მისვლას.

ამასთან, ბოლო პერიოდში იზრდება ბუნებრივი აირის საბითუმო ფასებიც. კვლევითი ჯგუფის Wood Mackenzie-ის ანალიზის მიხედვით, ევროპაში გაზის მარაგები ისტორიულად დაბალ დონეზეა, რაც ზამთრის სეზონისთვის მიწოდების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

კვლევის თანახმად, თუ ჰორმუზის სრუტე კიდევ ორი თვით დარჩება ჩაკეტილი, 1 ნოემბრისთვის ევროპული გაზის მარაგები შესაძლოა 70%-ზე დაბლა დაეცეს, მაშინ როცა ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელი ამ პერიოდისთვის დაახლოებით 90%-ს შეადგენდა.

Wood Mackenzie-ის გაზისა და LNG-ის კვლევის ვიცე-პრეზიდენტმა მასიმო დი ოდოარდომ განაცხადა, რომ ევროპაში დაბალი მარაგები, აზიაში მაღალი მოთხოვნა და LNG-ის მიწოდების შეზღუდული ზრდა თითქმის გარანტირებულს ხდის მაღალ ფასებს მიმდინარე ზამთარსა და 2027 წლამდე პერიოდში.

აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტმა ბევრ ქვეყანაში საწვავის — ბენზინისა და დიზელის — გაძვირებაც გამოიწვია. საწვავის ფასების ზრდა ხშირად სხვა პროდუქტების, მათ შორის საკვების, გაძვირებასაც იწვევს, რადგან კომპანიები გაზრდილ ხარჯებს მომხმარებლებს გადასცემენ.

ეს კი ინფლაციის ზრდას უწყობს ხელს და ცენტრალურ ბანკებს შესაძლოა საპროცენტო განაკვეთების გაზრდისკენ უბიძგოს.

ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ივნისში თითქმის სამი წლის განმავლობაში პირველად გაზარდა ევროზონის ძირითადი საპროცენტო განაკვეთი და აღნიშნა, რომ ირანის კონფლიქტი „ინფლაციურ ზეწოლას ქმნის“.

ირანის ომის დაწყებამდე არსებობდა მოლოდინი, რომ ინგლისის ბანკი წელს განაკვეთებს შეამცირებდა. თუმცა, ახლა ასეთი შემცირება აღარ არის მოსალოდნელი და ფინანსური ბაზრები წლის ბოლოსთვის განაკვეთის ზრდას პროგნოზირებენ.

ინგლისის ბანკი ამ კვირაში გამართავს მორიგ სხდომას, სადაც მოსალოდნელია, რომ ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად — 3.75%-ზე დარჩება.