საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ივნისში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შედეგად საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაზარდა. სებ-ის მონაცემებით, გასულ თვეში წმინდა შესყიდვების მოცულობამ 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისის ბოლოს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 7.1 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული წმინდა შესყიდვების ჯამური მოცულობა 2.078 მლრდ აშშ დოლარი იყო.

სებ-ის განცხადებით, რეზერვების ზრდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია და ბანკი ბაზარზე არსებული პირობების შესაბამისად აგრძელებს მათ შევსებას.

2026 წელს სავალუტო ინტერვენციების შედეგად ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვები თითქმის ყოველთვიურად ფიქსირდებოდა. ყველაზე დიდი მოცულობის ოპერაციები მაისსა და ივნისში განხორციელდა — შესაბამისად, 632.9 მლნ და 612.6 მლნ დოლარის ოდენობით.

წლის დასაწყისიდან სებ-ის სავალუტო ოპერაციები ასე გადანაწილდა: იანვარში — 86.6 მლნ დოლარის, თებერვალში — 429.3 მლნ დოლარის, აპრილში — 333.3 მლნ დოლარის, მაისში — 632.9 მლნ დოლარის და ივნისში — 612.6 მლნ დოლარის წმინდა შესყიდვა. მარტში კი ბანკმა 16.2 მლნ დოლარის წმინდა გაყიდვა განახორციელა.

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების განახლებულ სტატისტიკას 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.