რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით მოსკოვისკენ მოძრავი 390 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინისგანცხადებით, გუშინ საღამოდან დღეს დილამდე მოსკოვის რეგიონთან 390-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა. მისი თქმით, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალეს. უშუალოდ მოსკოვთან მიახლოებისას საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 81 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

რუსეთის რამდენიმე აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გასულ კვირაში უკრაინის თავდასხმების შედეგად თითქმის 500 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის, როდიონ მიროშნიკის თქმით, ეს კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ კვირაში დაშავებულთა რაოდენობა 500-ს მიუახლოვდა.

როგორც როდიონ მიროშნიკმა აღნიშნა, გასულ კვირაში უკრაინის თავდასხმების შედეგად 57 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი.

„უკრაინის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტი დაშავებული დაფიქსირდა ბელგოროდის ოლქში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში“, – განაცხადა მიროშნიკმა.

მიროშნიკის განცხადებით, უკრაინამ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევით, იერიშები მიიტანა სამედიცინო დაწესებულებებსა და სასწრაფო დახმარების ტრანსპორტზე.

მისი ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად დაზიანდა რაიონული საავადმყოფოს შენობა სოფელ ოქტიაბრსკში. ხერსონის ოლქში, ქალაქ ალეშკიში ნაღმზე ორი სასწრაფო დახმარების მანქანა აფეთქდა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე, მიროშნიკის განცხადებით, დონეცკის რეგიონში, ქალაქ გორლოვკაში სასწრაფო დახმარების ავტომობილზე დრონით იერიშის შედეგად ოთხი პირი დაშავდა.