ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს, როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიებია წარმოდგენილი, თუმცა ძირითადად უცხოური კომპანიები ჭარბობს, - ამის შესახებ თიზ-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თიზ-ში არსებული კომპანიების საქმიანობის სფეროები ძალიან მრავალფეროვანი და მრავალპროფილურია. 

"ინდუსტრიულ ზონაში წარმოდგენილია ისეთი კომპანიები, რომლებიც მაგალითად, ლამინატს აწარმოებს და ასევე, წარმოდგენილია ისეთი კომპანიებიც, რომლებიც მედიკამენტების მიმართულებით თუ სხვადასხვა ქიმიური მიმართულებით მუშაობს. რაც მთავარია ჰუალინგის ინდუსტრიული ზონა რეალურად ძალიან დიდია და ბევრი ობიექტი შეუძლია დაიტიოს. 

ინდუსტრიული ზონა საკმაოდ დატვირთულია, თუმცა კიდევ არსებობს ადგილი რომ ახალი კომპანიები შემოვიდეს. ძირითადად ჰუალინგის ინდუსტრიული ზონით დაინტერესება ხდება უცხოური პარტნიორების მიერ და ეს ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად ხშირად ტარდება გამოფენები, სადაც კომპანიებს ჩვენს თავს ვაცნობთ", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ამჟამად, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან.

"ვმუშაობთ, მათ შორის, ევროპული კომპანიებთან, რომლებიც ენერგო ეფექტურობის მიმართულებით მუშაობს და ასევე, ჩინურ  და ინგლისურ კომპანიებთან. ინდუსტრიულ ზონებზე მოთხოვნა სტაბილურია და ჩვენს ინდუსტრიული ზონებს მიმზიდველს ქვეყნის ტერიტორიული მდებარეობა ხდის", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი) წარმოადგენს 36 ჰექტარზე განთავსებულ,  გადასახადებისგან თავისუფალ მრავალპროფილური ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. ჰუალინგის თიზ-ს გააჩნია ლოჯისტიკურად  სტრატეგიული ადგილმდებარეობა - მანძილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე შეადგენს 19 კმ-ს, შავიზღვისპირა ქალაქ ფოთის პორტამდე - 95 კმ-ს, ხოლო დედაქალაქამდე - 210 კმ-ს, შესაბამისად იგი ხელსაყრელია იმ მრავალფეროვან ბაზრებზე წვდომისათვის, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთსა და თურქეთთან. ჰუალინგის თიზ-ი ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი