საპარკინგე ადგილებისა და ტროტუარის არარსებობა, მოუმზადებელი სასრიალო ტრასები, გზების გამწმენდი ტექნიკისა და ნაგვის მანქანების დაგვიანებული მობილიზება გუდაურში - ეს კურორტზე არსებული იმ პრობლემების ძირითადი ნაწილია, რაზეც სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, კურორტი რეპუტაციულად სერიოზულად დაზარალდება.

„ქვეყნისთვის ძალიან კარგია, როდესაც ზოგადად ცნობადობაზე ვმუშაობთ, მაგრამ ადგილზე რომ ჩამოვდივართ, თუ ისეთი ხარვეზები გვხდება, რაც ნეგატიურ ასპექტში გაიტანს ქვეყანას, ეს რეპუტაციულად ძალიან დამაზიანებელია. მესმის, რომ კობი შეიძლება ხშირად იკეტებოდეს, რადგან მას თავისი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, მაგრამ რაც შეეხება გუდაურში ამოსასვლელ გზას, წინასწარ შეიძლება გათვალისწინება, რომ არ ჩაიკეტოს. ამას უბრალოდ, კარგი მენეჯმენტი, ტექნიკის საჭირო დროს, საჭირო ადგილზე მობილიზება და გაკონტროლება სჭირდება.

მაგალითს გეტყვით, ყოველ წელს ვიკეტებით, მაგრამ ახლა საკმაოდ მტკივნეულ პერიოდში 2 იანვარს მოხდა ჩაკეტვა და 3-ში გვიან, ღამის ათ საათზე გაიხსნა გზა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველაზე პიკური ფასი აქვს სასტუმროებს, რადგან ახალ წლებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წინასწარ აღებულ ფულს ვაბრუნებთ, არის ფორსმაჟორული სიტუაცია და სწორედ ამ ვითარებაში აღმოვჩნდით ჩვენ, თუმცა შეიძლებოდა პრევენცია. მოგვიწია თანხების გარკვეულწილად დაბრუნება. ტურისტები ფიზიკურად ვერ მოვიდნენ იმიტომ, რომ 2 იანვარს ჩაიკეტა გზა და 3-ში ღამე გაიხსნა.

ჩაიკეტა იმიტომ, რომ არასათანადო საბურავის მქონე მანქანების მოცურების შედეგად გაჩნდა საცობი, ამას ამბობდნენ იქ ჩარჩენილი მძღოლები, რომლებიც კარგად ხედავდნენ რა ხდებოდა. სამწუხაროდ, იმ წუთს იქ არ იყო მძიმე ტექნიკა, რომელსაც ესენი უნდა გამოეყვანა. მერე ამას დაემატა დიდი თოვლი. კერძო სექტორი სულ ვამბობთ, როდესაც მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი არსებობს, როცა 3-4-5-დღიანი გადაბმული თოვლია, პრევენციულად, წინასწარ ყველა უნდა იყოს მზად, რომ გზები არ ჩაიკეტოს“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ გუდაურში პარკინგი არ არსებობს, დამსვენებლები ავტომობილებს ტოვებენ გზაზე ან სასტუმროსთან ახლოს, რაც გზებზე დამატებით პრობლემას ქმნის.

„სასტუმროები ვცდილობთ, რომ ჩვენი პარკინგი გვქონდეს, მაგრამ არ არის საკმარისი. გარდა ამისა, თბილისიდანაც ხომ ბევრი ჩამოდის სასრიალოდ. როდესაც გადაადგილება და საბაგიროსთან მისვლა უნდათ, ვერ დატოვებ მანქანას ვერსად, რადგან მერე „შათლი“ არსებობს, რომ იქამდე მიგიყვანოს. ფეხით ვერ მიხვალ, რადგან ტრაილერი დადის გზაზე და ტროტუარი არ გაქვს, რომ იქ გაიარო. რეალურად, მართლა ეს მდგომარეობაა.

1-ელ იანვარს, რომ მოხდა ნაგვის გატანა იმის შემდეგ 2-3 ჩაკეტილი იყო, 4-5-ში არ ვიცი, რატომ ვერ მოხერხდა და 6 იანვარს გაიტანეს. მაქსიმალურად ვცდილობდით, სტუმრებს იქით არ გაეხედათ... მადლობა ღმერთს, რომ გათოვდა და ეს ითოვლებოდა. [ნაგვის] მანქანა ვერ მოვიდა. კიდევ კარგია, რომ მინუს ტემპერატურები იყო და ვიზუალურთან ერთად, სუნმაც არ შეგვაწუხა.

რაც შეეხება სასრიალო ტრასებს, ბევრი წუწუნებს. მე ასეთი რამ მახსოვს 2019 წელს, როდესაც ბევრი სტუმარი გვეუბნებოდა, რომ გატეხეს ძალიან ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომელიც თავისია ან ნაქირავები და უწევთ გადახდა. წელსაც თითქმის ყველა წუწუნებს. ძალიან რომ მოთოვა და გზა ჩაიკეტა, მერე უცებ დათბა და ამან სამწუხაროდ, გამოაჩინა ქვები, გასაწმენდი ყოფილა. ძალიან ბევრი მოვიდა - აღჭურვილობა გავტეხეთ, გავბზარეთ, ტრასები არ გივარგათ...

არ ვიცი, როდესაც ერთი ხელით ვაშენებთ, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაცია თავის კუთხით ყველაფერს აკეთებს პოპულარიზაციისთვის, იქ მეორე ხელიც სჭირდება, რომ ეს პოპულარიზაცია უკუშედეგზე არ გავიდეს. გასაგებია, რომ რაღაცას აკეთებენ, მაგრამ იქნებ რაღაცას ვაკლებთ?! ეს გასაბრაზებელი კი არ უნდა იყოს - რომ ვმუშაობთ და თქვენ რაღატომ გვიმატებთ. ეს რეალურია, რომ ადამიანები მოდიან წუწუნით, არ გივარგათ ტრასები, იქნებ რაღაცას არ აკეთებ სწორად და მისახედია ამისთვის“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“