მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი მუზეუმის, ლუვრის რეკონსტრუქცია იწყება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი უზარმაზარი შესავლელის აშენების გარდა, მუზეუმში იგეგმება დამოუკიდებელი სივრცის შექმნაც, სადაც მხოლოდ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა განთავსდება. მუზეუმის ამ ნაწილს ცალკე შესასვლელი ექნება.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი წლიდან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა გარდა, ვიზიტორებისთვის მუზეუმში შესვლის საფასური გაიზრდება.

„ეს იქნება განახლებული ლუვრი, ის გახდება ხელოვნების ისტორიის ეპიცენტრი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აშენდება ახალი გრანდიოზული შესასვლელი ლუვრის კოლონადის დონეზე, რომელიც იქნება ძალიან ეფექტური. მოედნის ქვეშ ახალი ოთახების აშენება კი საშუალებას მოგვცემს რომ ლეონარდო და ვინჩის შედევრი, მონა ლიზა, განვათავსოთ სპეციალურ სივრცეში, რომლის ნახვასაც დამთვალიერებელი ცალკე ბილეთით, მუზეუმის დანარჩენი ნაწილისგან დამოუკიდებლად შეძლებს, თუმცა მასთან ერთად სხვა ოთახებისა და პრეზენტაციების ხილვაც იქნება შესაძლებელი“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

სარემონტო პროექტის , “ლუვრის ახალი რენესანსის” დაანონსებამდე მუზეუმის შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიმართა ლუვრის დირექტორმა ლორენს დე კარმამ, ლორენს დე კარმა აღნიშნავდა, რომ მუზეუმში არსებული პრობლემები საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ ხელოვნების ნიმუშებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ლუვრის განახლებას დაახლოებით ათი წელი და 700-დან 800 მილიონ ევრომდე დასჭირდება. მან განაცხადა, რომ ლუვრის რეკონსტრუქციის შემდეგ მუზეუმი თანამედროვე სტანდარტებთან თანხვედრაში იქნება და გახდება უფრო კომფორტული და უსაფრთხო როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე მუზეუმის თანამშრომლებისთვის. აქამდე ლუვრის მუზეუმი წელიწადში 9 მილიონ დამთვალიერებელს მასპინძლობდა.  ემანუელ მაკრონის განცხადებით, განახლების შემდეგ მუზეუმი წელიწადში 12 მილიონი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.

წყარო: ევრონიუსი ჯორჯია