„ტურიზმის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები 2026 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება. ცვლილებების მიხედვით, არასერტიფიცირებული გიდები, რომლებიც საქმიანობას გააგრძელებენ დაჯარიმდებიან. 1000 ლარიანი ჯარიმა იმ სამთო, სათხილამურო და ალპურ გამყოლს დაეკისრება, რომელიც საქმიანობას სერტიფიკატის გარეშე განახორციელებს. სერტიფიკატს კი შესაბამისი ორგანო გასცემს, რომელსაც ავტორიზაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიანიჭებს.
რა გავლენას მოახდენს ჯარიმის დაწესება გიდებისა და სამთო გამყოლების მომსახურების ფასზე? კითხვით ,,კომერსანტმა“ ,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის’’ პრეზიდენტს მიმართა. ნიკოლოზ ერქომაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლების ანაზღაურება საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. აქედან გამომდინარე, რთულია იმის პროგნოზირება გაიზრდება თუ არა მათი მომსახურების ღირებულება.
,,გაძვირდება თუ არა გიდი მომსახურება ეს ცოტა რთული სათქმელია, რადგან ეს არის საშუალო ევროპული ანაზღაურება. შეიძლება 400 ფრანკი ღირდეს შვეიცარიაში. გააჩნია რა მარშრუტზე და რომელ მთაზე მიდიხარ. ჩვენთან არის 300 ევრო. ჩვენთან ფასები საერთაშორისო ფასებს შეესაბამება.’’- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.
,,საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის’’ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ,,სამთო გამყოლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. დღეში მათი ანაზღაურება 250-დან 350 ევრომდე მერყეობს. ფასს მარშრუტის სირთულე განაპირობებს. ნიკოლოზ ერქომაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლებზე მაღალი მოთხოვნაა. განსაკუთრებით უცხოელი, მხარჯველუნარიანი ტურისტების მხრიდან. თუმცა, ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და არის შემთხვევები, როდესაც გიდების დეფიციტი ჩნდება.
,,სამთო გამყოლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა. მინიმალური, დღიური ანაზღაურება სამთო გამყოლის არის 250 ევრო. დღეში ადის 300-350 ევრომდეც. სიტყვაზე, 10 დღე რომ იმუშაო თვეში გაქვს 3 000 ევრო ანაზღაურება. შესაბამისად, ეს უკვე ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა. წელს მქონდა შემთხვევა, რომ იანვარში თავისუფალი გიდი ვერ ვნახე. მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება. გადახდისუნარიანი ძალიან ბევრი კლიენტი ჩამოდის ევროპიდან და განვითარებული ქვეყნებიდან, მაგრამ ბევრად მეტია საჭირო. ეკონომიკური ზრდა არა მარტო პიროვნულად გამყოლს ეხება. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი საქმდება. იქნება ეს საოჯახო სასტუმროები, თხილამურებისა და შესაბამისი ინვენტარის გაქირავება. ანუ ტურიზმი არის კარაქი, რომელსაც პურზე გადაუსვამ, რადგან ნაწილდება ძალიან ბევრ ადამიანზე. რაც უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი გვეყოლება, ცხადია უკეთესია.’’- აცხადებს ნიკოლოზ ერქომაიშვილი.