ბრიუსელის აეროპორტმა გამოაცხადა, რომ 12 მარტს დაგეგმილი ეროვნული გაფიცვის გამო, ამ დღეს გამგზავრების რეისები არ შესრულდება - უსაფრთხოებისა და ბარგის მომსახურების პერსონალის გაფიცვა ზავენტემის აეროპორტიდან გამგზავრების მსურველთა მომსახურებას შეუძლებელს გახდის.

„ამ დღეს სერიოზულ სირთულეებს ველოდებით“, - აღნიშნულია აეროპორტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, გამგზავრების რეისების შეჩერების საკითხი ავიაკომპანიებთან უკვე შეთანხმდა და ეს გადაწყვეტილება ჩამოფრენის რეისებზეც იმოქმედებს. პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეფერხებები, შესაძლოა, უკვე 8 მარტიდან დაიწყოს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობა იქნება შარლერუას აეროპორტში.

ბელგიის პროფკავშირების მიერ გამოცხადებული 12 მარტის გაფიცვა იმ მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მთავრობის ფორმირების დროს წამოაყენეს. ბიუჯეტის შემცირებისა და საპენსიო პირობების შეცვლის განზრახვის გამო, გასულ წელს ბელგიაში შვიდი ეროვნული გაფიცვა მოეწყო, რომელთაგან ზოგიერთი ერთ დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

წყარო: 1 არხი