რა მოლოდინები აქვს ტურიზმის სექტორს მას შემდეგ რაც საქართველომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმი აამოქმედა და რეალისტურია თუ არა მთავრობის განცხადებები, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ტურისტების რაოდენობას გაზრდის და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარმა ისაუბრა.

როგორც ია თაბაგარმა აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ტურიზმის განვითარება სახელდება, ამ სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებისა და ანალიზის გარეშე იქნა მიღებული. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ პროცესი ქაოსურად განვითარდება, ამიტომ ია თაბაგარი ქართული ბიზნესების დასაცავად უცხოური კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს:

„უნდა დაზუსტდეს ავიარეისები, გადამზიდავები, რომლებიც მოემსახურებიან ამ ნაკადებს, მოლოდინია, რომ მაინც ქაოსური იქნება, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები არ მუშაობს ისეთი რეჟიმით, რომ შეძლოს ასეთი დიდი ნაკადების კომფორტულად გატარება, თორემ გატარებას ალბათ შეძლებს, გააჩნია, როგორ შეძლებს.

სასწრაფოდ რაღაც რეგულაციები უნდა შეიქმნას, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ჩინეთის მოქალაქეები ჩამოვიდნენ, მომენტალურად დაარეგისტრირონ თავისი კომპანიები, ჩამოიყვანონ პერსონალი და იმუშაონ ჩვენს პარალელურ რეჟიმში.

არსებობს სხვა ქვეყნების გამოცდილება, დადებითი და უარყოფითი მხარეები, პრობლემა ჩვენ ვარაუდებზე კი არაა, მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არაა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდება არცერთი სტრატეგიის გათვალისწინება, არ ითვალისწინებენ რაღაც გარკვეულ გეგმას. ჯერ გადაწყვეტილება იყო მიღებული და მხოლოდ შემდეგ გამოცხადდა, რაც არ არის ნორმალური ქვეყნისთვის მისაღები. ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს უამრავი განხილვა, სიტუაციის ანალიზი, რისკების შეფასება,“- განაცხადა ია თაბაგარმა.

ია თაბაგარის თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არცერთ გამართულ ევროპულ ქვეყანას ჩინეთთან ღია სავიზო რეჟიმი არ აქვს:

„ჩინეთი უზარმაზარი ქვეყანაა და ამ ქვეყნიდან არიან მაღალმხარჯველიანიც, საშუალოც და დაბალიც. თუ გადავხედავთ ჩვენ მსოფლიო სტატისტიკას არცერთ გამართულ ევროპულ ქვეყანას არ აქვს ღია სავიზო რეჟიმი ჩინელებისთვის. უფრო ისეთ ქვეყნებს აქვთ, ვისაც ჩინელი ტურისტი სჭირდება. მე არ ვარ დარწმუნებული რომ საქართველოს სჭირდებოდეს, იმიტომ რომ ჩვენი გეზი მუდმივად იყო დასავლეთ ევროპა, ევროატლანტიკა, ჩრდილოეთ ევროპა. ჩინეთიდან მაღალმხარჯველ ტურისტებს არ ველოდები,“- აღნიშნა ია თაბაგარმა.

მისი თქმით, ტურისტულ კომპანიებთან არც აქამდე ყოფილა განხილვები და მოლოდინი აქვს, რომ არც შემდგომში იგეგმება. როგორ ია თაბაგარი ამბობს, ტურისტული ბიზნესის დაცვის გარანტიებს არც ტურიზმის კანონპროექტში იძლევა.

„არავითარი განხილვები არ დაწყებულა და მგონია რომ არც დაიწყება, როგორც კოვიდის დროს იყო, რომ ტურისტული კომპანიების, გიდების ბედი არავის აინტერესებდა. არც ის აინტერესებთ ეს ტურისტული კომპანიები იარსებებენ თუ არ იარსებებენ, გადაყლაპავენ თუ არა სხვა რუსული თუ ჩინური კომპანიები. ტურიზმის კანონი უფრო არის მომხმარებლის ინტერესების დაცვისთვის და არა ტურისტული ბიზნესის. ბიზნესის დაცვისთვის სხვადასხვა კანონებშია დებულებები გაბნეული, თუმცა აქ არ არის მთავარი ხაზი ქართული ბიზნესის დაცვა და ეს ეხება ყველა სხვა ქვეყანასაც ამავდროულად. ბიზნესს, რომელსაც ქონება არ აქვს და არ არის დაზღვეული და ეს არის უმრავლესობა ტურისტული კომპანიებისა და გიდების მომსახურებისა, სთხოვენ რომ სხვა დააზღვიოს. სანამ გადაიდგმება ასეთი სტრატეგიული ნაბიჯები, რომელიც ჩვენ არ ვიცით ძალიან კარგია თუ ძალიან ცუდი, რადგან არ გვაქვს ამის პრაქტიკა, ბიზნესის და მომხმარებლის დასაცავად ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს გაშიფრული, თუმცა ამ კანონში ეს ჩადებული არაა,“- განაცხადა თაბაგარმა.