Vodafone Group–ი და Vodafone უკრაინა კარდესას წყალქვეშა საკაბელო სისტემის მშენებლობას დაიწყებენ, რომელიც უკრაინას, ბულგარეთს, თურქეთსა და საქართველოს დააკავშირებს. ის შავი ზღვის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ციფრული დერეფნის ნაწილი გახდება, რუსეთის გვერდის ავლით.

ამის შესახებ უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ განაცხადა.

აღინიშნება, რომ ევროპაში მთავარ პარტნიორად გამოდის გლობალური Vodafone. 

უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის შემდეგი მიზეზების გამო:

ციფრული სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. კაბელი მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის საიმედოობას და მდგრადობას.

ახალი სატრანზიტო პოტენციალი. უკრაინა გახდება ევროპასა და აზიას შორის საკვანძო სატრანზიტო დამაკავშირებელი რგოლი.

ინვესტიციები და სამუშაო ადგილები. პროექტი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის (მონაცემთა ცენტრები, ტრაფიკის გაცვლის წერტილები) და ციფრული ეკონომიკის განვითარებას, მოიზიდავს ინვესტიციებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს (განსაკუთრებით ინჟინრებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და IT სპეციალისტებისთვის).

„Kardesa შავი ზღვის რეგიონში დამატებით 500 ტერაბაიტ/წმ გამტარუნარიანობას დაამატებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია 5G-ის, ხელოვნური ინტელექტისა და სტრიმინგ ტრაფიკის ზრდისთვის. პროექტის ღირებულება 100 მილიონ ევროს აჭარბებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათქვამია, რომ პირველი მონაკვეთის მშენებლობა ბულგარეთში, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება. უკრაინაში ყველა სამუშაო განხორციელდება ექსკლუზიურად საერთაშორისოდ აღიარებულ უსაფრთხო ზონებში და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით.

წყარო: epravda.com.ua