სოციალური მედიის პლატფორმა X ახალ ფუნქციებს ნერგავს, რომლებიც პოსტების ავტომატურ თარგმნასა და ფოტორედაქტირებას უკავშირდება. ორივე სიახლე მუშაობს Grok მოდელებზე დაყრდნობით და მიზნად ისახავს აპლიკაციაში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას.

ინფორმაცია იმაზე, რომ ავტომატური თარგმნის ფუნქცია უკვე გლობალურად ვრცელდება, სულ ახლახან გავრცელდა. თარგმნილ პოსტზე შესაძლებელია პარამეტრების შეცვლა, მაგალითად, კონკრეტული ენისთვის ავტომატური თარგმანის გამორთვა.

მსგავსი მიდგომა სხვა პლატფორმებმაც გამოიყენეს, რათა პოსტებს უფრო ფართო აუდიტორიამდე მიეღწიათ. მაგალითად, Reddit ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მანქანურ თარგმანზე ატარებს ექსპერიმენტებს.

ამასთან ერთად, პლატფორმა iOS აპლიკაციაში ახალ ფოტორედაქტორსაც ამატებს. განახლებაში შედის ხატვისა და ტექსტის დამატების ხელსაწყოები, ასევე დაბლარვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაფარონ ისეთი დეტალები, როგორიცაა სახეები ან სენსიტიური ინფორმაცია, მაგალითად, საკრედიტო ბარათის ნომრები ან პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეეძლებათ Grok-ს სთხოვონ სურათის რედაქტირება ბუნებრივი ენის გამოყენებით. მაგალითად, შესაძლებელია მოთხოვნა: „დაამსგავსე ეს ფოტო მუზეუმში გამოფენილ ნახატს“, რის შედეგადაც სისტემა შესაბამის ვიზუალურ ვერსიას შექმნის. კომპანია აღნიშნავს, რომ ეს ფუნქციები მალე Android-აპლიკაციაშიც გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ელონ მასკი მკაცრად გააკრიტიკეს სხვადასხვა ქვეყნის რეგულატორებმა, რადგან პლატფორმა მომხმარებლებს აძლევდა შესაძლებლობას, სხვა ადამიანების ფოტოები მათი თანხმობის გარეშე შეცვლილი, მათ შორის სექსუალიზებული ფორმით გამოეყენებინათ. ამის შემდეგ კომპანიამ გამოსახულების გენერაციის ფუნქცია მხოლოდ ფასიანი მომხმარებლებისთვის შეზღუდა. ჯერჯერობით უცნობია, ახალი AI-რედაქტირების ფუნქციაც მსგავსი შეზღუდვით იმუშავებს თუ არა.

მსგავსი AI-შესაძლებლობები უკვე დანერგილი აქვთ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის Google-სა და Adobe-ს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ, ტექსტური აღწერით შეცვალონ სურათები.

www.marketer.ge