ბოლო ორი წლის განმავლობაში, სამუშაო გარემოში საგულისხმო ტენდენცია გამოიკვეთა. პროფესიონალებს, რომლებიც თავის დროზე საკუთარი სისწრაფით, ანალიტიკური აზროვნებითა და გონებამახვილობით ამაყობდნენ, დღეს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეაქვთ. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა მეტისმეტად ნელები, არასაკმარისად კრეატიულები ან ზედმეტად სწორხაზოვნები არიან თანამედროვე სამუშაო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
რა არის ხელოვნური ინტელექტის იმპოსტორის სინდრომი?
ტრადიციულად, იმპოსტორის სინდრომი ადამიანებს სხვა ადამიანებთან შედარებისას უჩნდებათ. ახალი ფენომენი – ხელოვნური ინტელექტის იმპოსტორის სინდრომი – სრულიად სხვა კატეგორიაა. ამ შემთხვევაში ადამიანები საკუთარ თავს ადარებენ არა კოლეგებს, არამედ ერთგულ სასწავლო მანქანას, რომელსაც შეუზღუდავი რესურსი და თავდადება გააჩნია.
ხელოვნური ინტელექტის იმპოსტორის სინდრომი არის შეგრძნება, რომ ადამიანი მარცხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადამიანია.
სინდრომის ნიშნები
სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად ნიშანს, რომლებიც ამ სინდრომზე მიუთითებს: ადამიანები ერიდებიან პირველადი მონახაზების გაზიარებას, რადგან ფიქრობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს მათი უკეთესად დახვეწა შეუძლია; მუდმივად ეძებენ „საუკეთესო ChatGPT პრომპტებს“, თითქოს ისინი ინტელექტის საიდუმლო კოდები იყოს, განიცდიან დანაშაულს, როდესაც Slack-ში პასუხის შესადგენად 30 წამზე მეტი სჭირდებათ, მალავენ ფაქტს, რომ იდეა მათია (და არა ბოტის), იმ შიშით, რომ გარშემომყოფები იმედგაცრუებულნი იქნებიან.
როგორ დავძლიოთ ეს ფენომენი
ექსპერტების აზრით, თავისი ადამიანური წინამორბედის მსგავსად, ხელოვნური ინტელექტის იმპოსტორის სინდრომი ვითარდება გარემოში, სადაც ზედმეტად ფასობს სისწრაფე, საიმედოობა, პროგნოზირებადობა და რაოდენობრივი შედეგები ხარისხის ხარჯზე. მანქანა სწორედ იმიტომ არის მომხიბვლელი, რომ ამ ღირებულებებს ეფუძნება. თუმცა, ინტელექტი მხოლოდ სისწრაფე არ არის – ის ასევე მოიცავს განსჯას, ორიგინალურობას და იდეების დაკავშირების რთულ პროცესს, რომელიც ყოველთვის პირდაპირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
სინდრომის დასაძლევად პროფესიონალებს სამი ძირითადი მიდგომა შეუძლიათ გამოიყენონ:
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია „ღირებულების“ კონცეფციის გადააზრება. ნაცვლად კითხვისა „შემიძლია ეს ისევე სწრაფად გავაკეთო, როგორც ხელოვნურ ინტელექტს?“, უმჯობესია დაისვას კითხვა „რა შემიძლია გავაკეთო, რაც ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია?“ კონტექსტი, გემოვნება და ემპათია კვლავ რჩება ადამიანის უნიკალურ უნარებად. მნიშვნელოვანია დარწმუნება, რომ ნებისმიერი საქმიანობა ან ოპტიმიზაცია რეალურ ღირებულებას ქმნის. როგორც პიტერ დრაკერი აღნიშნავდა, „არაფერია იმაზე უსარგებლო, ვიდრე ეფექტურად გაკეთდეს ის, რაც საერთოდ არ უნდა კეთდებოდეს“.
მეორე მიდგომა გულისხმობს კოგნიტური ფიტნესის განვითარებას. ფიზიკური ვარჯიშის მსგავსად, აზროვნებაც კუნთია. თუ ადამიანი არასდროს დაძლევს იმაზე რთულ ამოცანებს, ვიდრე პროგნოზირებადი ტექსტის შემოთავაზებაა, მისი გონებრივი „კუნთები“ ატროფირდება. რეკომენდებულია პრობლემების განზრახ გადაჭრა ციფრული მოკლე გზების გარეშე, რათა გონება მკვეთრი და მოქნილი შენარჩუნდეს.
მესამე მიდგომა გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას – მისი აღქმა არა როგორც მეტოქის, არამედ როგორც სპარინგ-პარტნიორის. კარგი სპორტსმენები არ განიცდიან ნეგატიურ ემოციებს თავიანთი სავარჯიშო აღჭურვილობის მიმართ, ისინი იყენებენ მას საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. თუ ხელოვნური ინტელექტი წევს ზღვარს იმისა, რა არის შესაძლებელი, უმჯობესია ეს შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას განვითარებისთვის, ვიდრე უკან დახევისთვის.
ბუნებრივი ინტელექტის ღირებულება
ადამიანები იშვიათად სწავლობენ სწორი პასუხებით. ადამიანები სწავლობენ შეცდომებით – მტკივნეული, საჯარო და განმეორებითი გამოცდილებით. ბუნებრივი შეცდომები არის ის ნაყოფიერი ნიადაგი, საიდანაც ჩნდება სიღრმისეული გაგება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეცდომების ოპტიმიზაცია, მაგრამ ამით ის რისკავს, რომ ადამიანებს წაართვას სწორედ ის წარუმატებლობები, რომლებიც აყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეს პროცესი განვიხილოთ როგორც კოგნიტური პილატესი: მიზანი არ არის სადმე უფრო სწრაფად მისვლა, არამედ გონების მოქნილად, მედეგად და დაზიანებისადმი ნაკლებად მიდრეკილად შენარჩუნება. ესეს დაწერა ხელოვნური ინტელექტის გარეშე შეიძლება ყოველთვის არ იყოს გამოსაქვეყნებლად მზად, მაგრამ ის ინარჩუნებს გონებრივ მოქნილობას ისეთი ფორმით, რასაც ავტოშევსება ვერასდროს შეძლებს.
გამჭრიახობის ახალი განსაზღვრება
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოჩენამ ძირეულად შეცვალა ინტელექტის კოლექტიური აღქმა. დამახსოვრებას, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, დღეს ნაკლები ღირებულება აქვს. პირველად მონახაზებს, რომლებსაც ადრე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ახლა ნაკლებად აფასებენ. კრეატიული იმპროვიზაციაც კი ნაკლებ შთამბეჭდავად აღიქმება იმ პირობებში, როდესაც AI ალგორითმი 20 მეტაფორას ორ წამში აგენერირებს.
რას ნიშნავს იყო ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? პასუხი არა მანქანასთან კონკურენციაა, არამედ მის გონივრულად გამოყენებაში. არსებობს ეფექტური გზები ხელოვნური ინტელექტის სამუშაო პროცესში ინტეგრაციისთვის: შეიძლება მას სთხოვოთ კონტრარგუმენტების შემუშავება, ქაოტური ჩანაწერების სტრუქტურირება ან ვარაუდების შემოწმება. ხელოვნური ინტელექტის ჭკვიანური გამოყენება გულისხმობს მის გამოყენებას კრეატიულობის გასაფართოებლად, არასწორი გამოყენება კი – ცნობისმოყვარეობის ჩანაცვლებას.
ხელოვნური ინტელექტის იმპოსტორის სინდრომი რეალურია, მაგრამ მისი აღქმა ხშირად არასწორია. არასრულფასოვნების გრძნობა იმის გამო, რომ ადამიანი მანქანაზე ნელია, იგივეა, რაც იგრძნო არასრულფასოვნება იმის გამო, რომ კალკულატორი უფრო სწრაფად ამრავლებს. ეს ხომ ბუნებრივია – სწორედ ამისთვისაა შექმნილი.
წყარო: Fastcompany, marketer.ge