სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი ინვესტიციებს მიიზიდავს და ხარჯებს შეამცირებს,- ამის შესახებ  Widgera-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდრო ბოლქვაძემ "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაწესებულმა შეღავათებმა შესაძლოა ევროპული ინვესტიციებისთვის ქართული ბაზარი ბევრად უფრო მიმზიდველი გახადოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთში სტარტაპერებისთვის თავის დამკვიდრება ბევრად უფრო რთულია. 

,,სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედების საჭიროება ნამდვილად იყო, თანაც, ძალიან დიდი საჭიროება, რადგან სტარტაპის დიდი თანხა იხარჯება ხელფასებში.

გარდა ამისა, სტარტაპ ეკოსისტემისთვის ახალი არგუმენტი გაჩნდა ინვესტორთან საუბრის დროს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ, რომ ქართულ სტარტაპს აქვს კონკურენტული უპირატესობა, მინიმუმ ის, რომ ჩარიცხულ თანხას სრულად ვახმართ პროდუქტის განვითარებას.

აქსიომაა, რომ სტარტაპს ხარჯები შეუმცირდება. დანარჩენი ბენეფიტები იქნება ინვესტორების მოძიების კუთხით. შესაძლებელია, გახსნას კარი ევროპელი ინვესტორებისკენ, რადგან ევროპაში საგადასახადო კუთხით ბევრად უფრო გართულებულია სიტუაცია, ვიდრე საქართველოში",- ამბობს სანდრო ბოლქვაძე.

ბოლქვაძის თქმით, სართაშორისო კავშირების სისუსტე ქართველი სტარტაპერებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. 

,,სანდრო ბოლქვაძე, Widgera-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

პირველი და მთავარი პრობლემა, რაც ქართულ სტარტაპებს აქვთ, არის კავშირები. პირობითად რომ ავიღოთ სომხეთისა და ისრაელის დიასპორა, ჩვენზე ბევრად ახლოს აქვთ ფინანსებთან წვდომა იმავე ამერიკაში.

მეორე გამოწვევაა, რამდენად მოვიპოვებთ ინვესტორების ნდობას ქართველი თანადამფუძნებლები, რომ სარისკო კაპიტალი მოვიზიდოთ და ჩაგვირიცხონ - შესაძლოა, კომპანია ამერიკაში დააფუძნო, მაგრამ თანადამფუძნებელი ხომ ქართველი ხარ. ზუსტად ამ ნდობის ფაქტორში დაგვეხმარება რაღაც დონეზე ეს შეღავათი, რაც გვაქვს სტარტაპ ეკოსისტემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, რატომ უნდა ჩადოს უცხოელმა ინვესტორმა ფული ქართულ კომპანიაში",- თქვა Widgera-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო ბოლქვაძემ.