Google-მა კერძო ჰიდროელექტროსადგურების მფლობელ Brookfield Asset Management-თან $3-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. ტექგიგანტი კომპანიისგან 3 გიგავატის მოცულობის ელექტროენერგიას შეიძენს.
Brookfield Asset Management-მა, Brookfield Renewable-თან და Google-თან ერთად 15 ივლისს გამოაცხადა გარიგების შესახებ, რომელიც ჰიდროენერგიის მიმართულებით მსოფლიოში უმსხვილეს კორპორატიულ თანამშრომლობას წარმოადგენს.
პირველ ეტაპზე, Google-ი პენსილვანიაში მდებარე Holtwood-ისა და Safe Harbor-ის ელექტროსადგურებიდან მომდევნო 20 წელიწადში 670 მეგავატ დენს მიიღებს. ორივე ნაგებობა სრულად განახლდება და Google-ის მოთხოვნებთან მოვა შესაბამისობაში.
Google-ის მიერ მასშტაბური გარიგების გაფორმება კომპანიის გაცხადებულ მიზანთანაა დაკავშირებული. როგორც ცნობილია, ტექგიგანტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში პენსილვანიასა და მეზობელ შტატებში დატა ცენტრების ასაშენებლად $25 მილიარდს დახარჯავს. დატა ცენტრები კომპანიას ხელოვნური ინტელექტისა და ქლაუდ ტექნოლოგიის განსავითარებლად სჭირდება.
„Google-ში ერთგულად ვართ ორიენტირებული ციფრული ინფრასტრუქტურის პასუხისმგებლობით განვითარებაზე, რომელიც ადამიანების, თემებისა და ბიზნესების ყოველდღიურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. Brookfield-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. დადასტურებულია, რომ ჰიდროენერგია არის დაბალფასიანი ტექნოლოგია, რომელიც გთავაზობთ საიმედო, ადგილობრივად წარმოებულ, ნახშირბადისგან თავისუფალ ელექტროენერგიას, ქმნის სამუშაო ადგილებს და უფრო ძლიერ ქსელს ყველასთვის",- განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა, ამანდა პეტერსონ კორიომ.