საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2025 წლის 14 მარტს მეთოთხმეტედ გამოაცხადა – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ცამეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპი დაფინანსდა.
დაინტერესებულ პირებს 14 მარტიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნეს იდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 სტარტაპი გადამზადდა ბიზნეს გეგმის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. შემდგომი საფეხური მოიცავდა პორტალზე აპლიკაციის სრულყოფილ შევსებას. განაცხადების შეფასება განახორციელეს საერთაშორისო ექსპერტებმა, როგორც ბიზნეს გეგმის შეფასებით, ასევე გასაუბრებით, რომლის შედეგად გამოვლინდა 50 ფინალისტი.
დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად, სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული მენტორები მოამზადებენ:
- Alfredo Coppola - აშშ-ს ბაზრის წვდომის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. მან საფუძველი დაუდო სილიკონ ველის აქსელერატორის პროგრამას „Go Global”. ფლობს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წელზე მეტხნიან გამოცდილებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში. კარიერის განმავლობაში კონსულტაცია გაწეული აქვს 150-ზე მეტი ადრეული ასაკის ტექნოლოგიური კომპანიისთვის.
- Gail Christine Gannon - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი. აქვს მენტორინგისა და დამწყები მეწარმეების მენტორობის 15-წლიანი გამოცდილება; ეხმარება კომპანიებს, აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი, მოიპოვონ გრანტები და დაარწმუნონ ინვესტორები. გეილ ქრისტინ გენონი ფლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს - H. Chan School of Public Health; რეგულარულად მონაწილეობს ბიოტექნოლოგიებისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და საინვესტიციო ფორუმებში.
- Bob Upham - ინტერნეტ ბიზნესის განვითარების გამოცდილი პროფესიონალი, ექსპერტი სტრატეგიულ პარტნიორობებსა და ალიანსებში, API ლიცენზირებაში. Santander InnoVentures-ის, Sutardja Center for Entrepreneurship and Technology (UC Berkeley)-ის, Cyberport Hong Kong-ის მენტორი და მრჩეველი. 2016-2019 წლებში იკავებდა VISA-ს ციფრული პროდუქტების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას.
- Swapnil Amin – ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილი აღმასრულებელი დირექტორი, პროდუქტის სტრატეგი და სტარტაპ მრჩეველი, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, საავტომობილო, ციფრული ჯანდაცვისა და ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სფეროში. ეკავა სხვადასხვახელმძღვანელი თანამდებობები Tesla-ში, Amazon Alexa-ში, Genentech-სა და SoftBank Robotics-ში, სადაც მან შექმნა და გააფართოვა ინოვაციური პლატფორმები აპარატურულ და პროგრამულ ეკოსისტემებში.
- Amy Peck - გამოცდილი კონსულტანტი, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე და განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას ორგანიზაციული განვითარების სრულყოფის პროცესში. ემი აქტიურად ეხმარება მსხვილ კომპანიებს სტარტაპ ეკოსისტემის კვლევასა და შესწავლაში. 2015 წელს დააფუძნა და დღემდე არის კომპანიისEndeavorVR, Spatial Computing Consultants მოქმედი ხელმძღვანელი. კომპანიის კლიენტების რიცხვს მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი გლობალური მოთამაშეები, როგორებიც არიან „ამაზონი“, „ვიზა“, „ტოიოტა“, „US მაკი“ და სხვები. კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური განვითარების სტრატეგიებს. ემი პეკი მუშაობს, როგორც სტარტაპებთან, ასევე - ვენჩურულ კაპიტალისტებთან და ანგელოზ ინვესტორებთან.
გამარჯვებულები 2025 წლის 17 სექტემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.