აშშ-ის კონგრესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკანონმდებლო ტექსტების მომზადებისას სწრაფად იზრდება. კონგრესის თანამშრომლები და გარე ორგანიზაციები კანონპროექტების პირველადი ვერსიების შესაქმნელად სულ უფრო ხშირად იყენებენ ChatGPT-ს, Claude-სა და სხვა გენერაციულ AI ინსტრუმენტებს.

The Washington Post-ისა და Politico-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი კონგრესში უკვე გამოიყენება კანონპროექტებისა და ცვლილებების მომზადებისთვის, ტექსტების შეჯამებისთვის, კვლევისთვის, ამომრჩეველთა წერილების დასამუშავებლად და სხვა სამუშაოებისთვის. თუმცა საჯარო სტატისტიკა იმის შესახებ, კონკრეტულად რამდენი კანონპროექტი შეიქმნა მთლიანად ან ნაწილობრივ AI-ის გამოყენებით, არ არსებობს.

ამიტომ მტკიცება, რომ „AI-ის მიერ დაწერილი კანონპროექტების რაოდენობა 72%-ით გაიზარდა“, ზუსტი არ არის. 72%-იანი ზრდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო კონსულტანტის ოფისში შესულ მოთხოვნებს ეხება. 119-ე კონგრესის პირველი 60 დღის განმავლობაში ოფისმა 5 623 მოთხოვნა მიიღო, ორი წლით ადრე შესაბამის პერიოდში კი 3 271. ზრდამ 72% შეადგინა.

ამავე პერიოდში წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტების რაოდენობა 1 259-დან 1 744-მდე, ანუ 39%-ით გაიზარდა.

Office of the Legislative Counsel არის არაპარტიული იურიდიული სამსახური, რომელიც წარმომადგენელთა პალატის წევრებსა და კომიტეტებს კანონპროექტებისა და ცვლილებების იურიდიულად გამართული ტექსტების მომზადებაში ეხმარება. 118-ე კონგრესის განმავლობაში ოფისმა 30 494 კანონპროექტის პროექტი და 21 484 ცვლილება მოამზადა. კანონპროექტების მხოლოდ ნაწილი შევიდა საბოლოოდ კონგრესში.

AI-ის გამოყენების ზრდამ ოფისისთვის დამატებითი პრობლემა შექმნა. კონგრესის თანამშრომლების განცხადებით, გენერირებული ტექსტები ხშირად შეიცავს არასწორ იურიდიულ ტერმინოლოგიას, მოქმედ კანონებთან შეუსაბამო მითითებებს ან ბუნდოვან ფორმულირებებს. ზოგ შემთხვევაში იურისტებს ასეთი ტექსტის შემოწმებასა და გასწორებაზე მეტი დრო სჭირდებათ, ვიდრე კანონპროექტის თავიდან მომზადებას დასჭირდებოდა.

რისკი მხოლოდ სამუშაო დატვირთვას არ უკავშირდება. არასწორად შედგენილი საკანონმდებლო ტექსტი, თუ შეცდომა განხილვისა და კენჭისყრის პროცესში ვერ გამოვლინდა, შესაძლოა შემდეგ სამართლებრივი დავების, კანონის განსხვავებული ინტერპრეტაციის ან დამატებითი ცვლილებების მიზეზი გახდეს.

წარმომადგენელთა პალატას AI-ის გამოყენების საერთო პოლიტიკა 2024 წლიდან აქვს. ინსტიტუტი პარალელურად ავითარებს საკუთარ უსაფრთხო AI ინფრასტრუქტურას და 2026 წელს House AI Center-ის ფარგლებში ახალი ინსტრუმენტებისა და სატესტო გარემოს განვითარება დაიწყო.

საკანონმდებლო კონსულტანტის ოფისისთვის 2026 ფისკალურ წელს $18.74 მილიონია გამოყოფილი. თანხა აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტის საკანონმდებლო შტოს ასიგნებებიდან ფინანსდება და ოფისის ხელფასებსა და მიმდინარე საქმიანობას მოიცავს. ცალკე ბიუჯეტი, რომელიც უშუალოდ AI-ის მიერ მომზადებული კანონპროექტების შემოწმებას ან რედაქტირებას ხმარდება, საჯარო საბიუჯეტო დოკუმენტებში გამოყოფილი არ არის.

AI-ს შეუძლია საკანონმდებლო პროცესის დაჩქარება, თუმცა კონგრესის პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროდუქტიულობის ზრდა ავტომატურად ხარჯების შემცირებას არ ნიშნავს. თუ გენერირებული ტექსტების რაოდენობა გაიზრდება და მათი ხარისხი საკმარისი არ იქნება, საბოლოო იურიდიული შემოწმებისთვის ადამიანური რესურსის საჭიროებაც შეიძლება გაიზარდოს.

წყაროები:

The Washington Post, Chatbots are doing the work of Congress with little oversight

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, უორენ ბერკის ოფიციალური ჩვენება, მოთხოვნების 72%-იანი ზრდა და 30 494 კანონპროექტი

Congress.gov, 2026 წლის საკანონმდებლო შტოს ასიგნებები და $18.74 მილიონი Office of the Legislative Counsel-ისთვის

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ადმინისტრაციის კომიტეტი, House AI Policy

House Administration Committee, House AI Innovators Pipeline და AI Center

Congressional Research Service, Legislative Branch: FY2026 Appropriations