საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის აქამდე უცნობი ხელნაწერი აღმოაჩინეს, რომელიც კომპოზიტორმა 1778 წელს, პარიზში ყოფნის დროს შექმნა.

44-გვერდიან რვეულში შემონახულია კომპოზიციის სავარჯიშოები და ფლეიტისა და არფისთვის შექმნილი შვიდი მცირე ნაწარმოები. მოცარტმა ისინი ფრანგი ჰერცოგის, დე გინის ქალიშვილისთვის მუსიკის გაკვეთილების ჩატარების დროს დაწერა.

ხელნაწერს შემთხვევით მიაკვლია ფრანსუა-პიერ გუამ, რომელიც ბიბლიოთეკის მუსიკალურ განყოფილებაში ძველი სანოტო ჩანაწერების კურატორად 30 წელზე მეტია მუშაობს. თებერვალში ის XVIII საუკუნის მიწურულით დათარიღებულ ხელნაწერებს ათვალიერებდა, რომელთა აღწერის განახლებასაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები გეგმავდნენ. მათ შორის მან ავტორის სახელის გარეშე დაცული პატარა რვეული შენიშნა.

გუას ყურადღება მალევე მიიქცია ხელწერისთვის დამახასიათებელმა ნიშნებმა, მათ შორის მომრგვალებულმა ვიოლინოს გასაღებებმა, ფიგურულმა ფრჩხილებმა, მრავალრიცხოვანმა შესწორებებმა და დამატებებმა. ვარაუდის გადასამოწმებლად მან რვეული მოცარტის დოკუმენტებზე მომუშავე კოლეგას აჩვენა, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელნაწერი კომპოზიტორს ეკუთვნოდა.

მოცარტი რვეულში ჩანაწერებს 1778 წლის მაისიდან ივლისამდე აკეთებდა, როდესაც პარიზში ჰერცოგ დე გინის ქალიშვილს მუსიკას ასწავლიდა. გოგონას მამა ნიჭიერი ფლეიტისტი იყო და სჯეროდა, რომ მის ქალიშვილს არა მხოლოდ მუსიკის შესრულება, არამედ მისი შექმნაც შეეძლო.

თუმცა, მისი მოლოდინი არ გამართლდა. მამისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში მოცარტი მოსწავლის მუსიკალური უნარების ნაკლებობაზე ჩიოდა.

რვეულის ბოლო ექვსი გვერდი ცარიელია. მკვლევრების ვარაუდით, გაკვეთილები შესაძლოა იმავე წლის ივნისში ჰერცოგის ქალიშვილის ქორწილის გამო შეწყდა.

სავარაუდოდ, ხელნაწერი ბიბლიოთეკის კოლექციაში საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მოხვდა. 1794 წელს ხელისუფლებამ დე გინის ოჯახის სახლში არსებული მუსიკალური ხელნაწერები ჩამოართვა. ოჯახი იმ დროისთვის ინგლისში იყო გადასახლებული.

დოკუმენტი ბიბლიოთეკის ფონდებში ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა ისე, რომ ჩანაწერების ავტორის ვინაობა უცნობი იყო.

ბიბლიოთეკაში აღმოჩენას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიგნებად აფასებენ, რადგან მოცარტის უცნობ ხელნაწერებს ძალიან იშვიათად პოულობენ.

ფლეიტისა და არფისთვის შექმნილი აღმოჩენილი ნაწარმოებები საზოგადოებამ უკვე მოისმინა. ისინი საფრანგეთის მუსიკის დღესასწაულის ფარგლებში, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობილ ოვალურ დარბაზში შესრულდა.

euro-pulse.ru