ბავშვობაში ავტომობილის შუა სავარძელზე ჯდომა კარიერულ წარმატებასთან დააკავშირეს.
ავტომობილის უკანა სავარძლის შუა ადგილი ბავშვებისთვის ხშირად ყველაზე ნაკლებად სასურველია — ის შედარებით ვიწრო და მოუხერხებელია, ფეხების თავისუფლად მოთავსებას კი იატაკზე არსებული ამობურცული ნაწილი ართულებს.
თუმცა, „Škoda-ს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვობაში სწორედ შუა სავარძელზე ხშირ ჯდომას შესაძლოა გარკვეული დადებითი გავლენაც ჰქონდეს.
ანალიტიკურმა კომპანია „Censuswide-მა“ გაერთიანებულ სამეფოში 1 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხა. კვლევის მონაწილეთა 43%-მა აღნიშნა, რომ ოჯახში შუა სავარძლის დაკავება ბავშვებს შორის კამათის მიზეზი გამხდარა.

ამასთან, იმ რესპონდენტების 66%, რომლებიც ბავშვობაში ხშირად შუაში ისხდნენ, ამბობს, რომ ამ ადგილს დადებითი მხარეებიც ჰქონდა — მათ შორის, ავტომობილიდან გარემოს უკეთ დანახვის შესაძლებლობა.
კვლევის ავტორებმა შუა სავარძელზე ჯდომა გარკვეულ პიროვნულ თვისებებსაც დაუკავშირეს. რესპონდენტთა:
-
44% თავს მშვიდ ადამიანად მიიჩნევს;
-
28% — რაციონალურად;
-
25% — მომთმენად;
-
21% — წინდახედულად;
-
21% კი ადვილად ადაპტირებად ადამიანად.

კვლევაში კარიერულ წარმატებასთან დაკავშირებული მონაცემებიც გამოიკვეთა. მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულთა 90%-მა განაცხადა, რომ ბავშვობაში ხშირად უკანა შუა სავარძელზე იჯდა. იგივე გამოცდილება ჰქონდა მაღალი რგოლის ხელმძღვანელების 62%-სა და მეწარმეების 72%-ს.
ბავშვთა ფსიქოლოგ ლავერნ ანტრობუსის განმარტებით, ავტომობილი ოჯახისთვის ერთ-ერთი ის სივრცეა, სადაც რამდენიმე ადამიანი ხანგრძლივად და ახლო გარემოში ერთად იმყოფება. ასეთ პირობებში ბავშვს შეიძლება განუვითარდეს მოთმინება, სიმშვიდე, კომპრომისზე წასვლისა და განსხვავებულ გარემოებებთან შეგუების უნარი.
თუმცა, კვლევა არ ადასტურებს, რომ შუა სავარძელზე ჯდომა ადამიანს ავტომატურად წარმატებულ მენეჯერად ან მეწარმედ აქცევს. მონაცემები მხოლოდ კავშირზე მიუთითებს და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაზე.