ბულგარეთი ჯანდაცვის სექტორში საჯარო სახსრების ხარჯვის კონტროლს ციფრული მექანიზმით აძლიერებს. ქვეყნის ელექტრონული ჯანდაცვის აპლიკაცია eZdrave ახალი ფუნქციით, „Public Control“, ფართოვდება, რომელიც მოქალაქეებს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სამედიცინო მომსახურების გადამოწმების საშუალებას მისცემს.
ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხმარებელი შეძლებს ნახოს, რა გამოკვლევა, მკურნალობა, ჰოსპიტალიზაცია ან სხვა სამედიცინო მომსახურება დაფიქსირდა მის ელექტრონულ ჯანმრთელობის ჩანაწერში და დაადასტუროს, რეალურად მიიღო თუ არა აღნიშნული მომსახურება. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტს შესაბამისი ინფორმაციის გაგზავნა ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდისთვის შეეძლება.
მექანიზმის მიზანია იმ შემთხვევების გამოვლენა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად პაციენტის სახელზე ისეთ მომსახურებას აფიქსირებს, რომელიც რეალურად არ ჩატარებულა. ამგვარად, მოქალაქეები თავად ხდებიან საჯარო ჯანდაცვის ხარჯების კონტროლის სისტემის ნაწილი.
ბულგარეთის ეროვნული ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდი აფინანსებს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურებას და სწორედ ფონდის მონაცემებთან არის ინტეგრირებული პაციენტების ელექტრონული ჩანაწერები. eZdrave-ში უკვე შესაძლებელია ექიმთან ვიზიტების, ელექტრონული რეცეპტების, მიმართვების, ლაბორატორიული კვლევებისა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ნახვა.
ეროვნული ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 7 აგვისტოსთვის eZdrave-ს დაახლოებით 420 ათასი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. აპლიკაციასთან დაკავშირებული იყო ასევე 238 ათასზე მეტი ბავშვის პროფილი.
ბულგარეთის მთავრობა პარალელურად ზრდის აპლიკაციაზე წვდომას. ივლისის ბოლოდან რეგიონული ჯანდაცვის უწყებების მობილური ჯგუფები მოქალაქეებს eZdrave-ს გააქტიურებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და საჯარო დაწესებულებაში ეხმარებიან.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო თვეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ხარჯების გამჭვირვალობაზე. სამინისტროს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა, მათ შორის, სხვადასხვა სახელმწიფო საავადმყოფოს მიერ ერთსა და იმავე მედიკამენტებში გადახდილ ფასებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოავლინა.
ახალი ფუნქციის შემუშავებისა და დანერგვის კონკრეტული ღირებულება საჯაროდ არ სახელდება. უფრო ფართო ეროვნული ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემის განვითარების პროექტისთვის წარსულში განსაზღვრული იყო 12 მილიონი ბულგარული ლევის ბიუჯეტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. თუმცა საჯარო დოკუმენტებით არ დასტურდება, რა ნაწილი, თუ საერთოდ რაიმე ნაწილი, უკავშირდება კონკრეტულად „Public Control“-ის ფუნქციის შექმნას.
ბულგარეთის ხელისუფლების გათვლით, პაციენტების უშუალო ჩართვამ ხარჯების მონიტორინგში უნდა შეამციროს არასწორად ან უკანონოდ აღრიცხული სამედიცინო მომსახურების შემთხვევები და გაზარდოს ჯანდაცვის სისტემაში საჯარო ფინანსების გამოყენების გამჭვირვალობა.
წყაროები:
ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრო, eZdrave-ის „Public Control“ ფუნქცია:
https://www.mh.government.bg/bg/novini/aktualno/4798
ბულგარეთის ეროვნული ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემა, eZdrave-ის სტატისტიკა:
https://his.bg/bg/statistical-reports/mobile-apps/2026
ბულგარეთის ეროვნული ჯანმრთელობის საინფორმაციო სისტემა, განვითარების გეგმა:
https://his.bg/bg/info/roadmap
ბულგარეთის ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი, eZdrave-ის კამპანია და ფუნქციები:
https://www.nhif.bg/bg/news/1057
ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრო, საავადმყოფოებში მედიკამენტების ფასების განსხვავებები:
https://www.mh.government.bg/bg/novini/aktualno/4741
ბულგარეთის ელექტრონული მმართველობის სააგენტო, NZIS-ის ბიუჯეტი და დაფინანსება:
https://egov.government.bg/wps/wcm/connect/egov.government.bg-2818/10b17e17-f777-460b-bdc6-623f40955c65/%D0%9F%D1%8A%D1%82%D0%BD%D0%B0%2B%D0%BA%D0%B0%D1%80%D1%82%D0%B0%2B%D0%A6%D0%B8%D1%84%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B0%2B%D0%91%D1%8A%D0%BB%D0%B3%D0%B0%D1%80%D0%B8%D1%8F%2B2024.pdf?CVID=pm58qMF&MOD=AJPERES
BTA, ბულგარეთში ჯანდაცვის ხარჯების გამჭვირვალობის სხვა ინიციატივის შესახებ:
https://www.bta.bg/en/news/bulgaria/1162481