უკრაინის ლითიუმის საბადოების განვითარება ქვეყანას ევროპული კრიტიკული წიაღისეულის მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი როლის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება კიროვოჰრადის ოლქში მდებარე „დობრასა“ და პოლოხივის საბადოებზეა გამახვილებული, თუმცა მათი სრულმასშტაბიანი ათვისება მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და უსაფრთხოების რისკების შემცირებას მოითხოვს.

2026 წლის იანვარში უკრაინის მთავრობამ „დობრას“ ლითიუმის საბადოს განვითარების კონკურსში გამარჯვებულად Dobra Lithium Holdings შეარჩია. კონსორციუმში შედიან კრიტიკულ წიაღისეულზე ორიენტირებული საინვესტიციო კომპანია TechMet და ამერიკული Rock Holdings. TechMet-ის აქციონერთა შორის არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია, DFC.

პროექტის პირობებით, ინვესტორის მინიმალური საინვესტიციო ვალდებულება $179 მილიონია. აქედან $12 მილიონი ახალი გეოლოგიური კვლევებისა და მარაგების საერთაშორისო აუდიტისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო $167 მილიონი, კომერციულად რენტაბელური მარაგების დადასტურების შემთხვევაში, მოპოვებისა და მადნის გამდიდრების ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

უკრაინის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასებით, „დობრას“ განვითარების საწყის ეტაპებზე ინვესტიციების საერთო მოცულობამ შეიძლება დაახლოებით $700 მილიონს მიაღწიოს. თუ პროექტი ლითიუმის ჰიდროქსიდის წარმოებასაც მოიცავს, მთლიანი კაპიტალდაბანდება შესაძლოა $1.8 მილიარდს გადააჭარბოს.

$179 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ არის. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, პროდუქციის განაწილების შეთანხმების ფარგლებში ინვესტორი გეოლოგიურ კვლევებსა და მოპოვების ინფრასტრუქტურას საკუთარი სახსრებით აფინანსებს. პროექტის დაფინანსების საბოლოო სტრუქტურა საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„დობრას“ პროექტი ასევე უკავშირდება 2025 წელს შექმნილ აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს. ფონდი აშშ-ის DFC-მ და უკრაინის მთავრობამ თავდაპირველად თანაბარი, $75 მილიონიანი შენატანებით დააფინანსეს, შესაბამისად, საწყისი კაპიტალი $150 მილიონი იყო. მომავალში ფონდში უკრაინის ახალი ბუნებრივი რესურსების პროექტებიდან მიღებული როიალტების, სალიცენზიო და მსგავსი სახელმწიფო შემოსავლების 50% უნდა გადაირიცხოს. თუმცა ამ ეტაპზე საჯაროდ არ დასტურდება, რომ ფონდის $150 მილიონიანი საწყისი კაპიტალი უშუალოდ „დობრას“ საბადოს დაფინანსებისთვის არის გამოყოფილი.

უკრაინაში ლითიუმის სამრეწველო მოპოვება ამჟამად არ მიმდინარეობს. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ქვეყანას რამდენიმე მნიშვნელოვანი საბადო აქვს, მათ შორის „დობრა“, პოლოხივი, კრუტა ბალკა და შევჩენკივსკე. ბოლო ორი რუსული ოკუპაციისა და საბრძოლო მოქმედებების ზონასთან სიახლოვის გამო განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია.

S&P Global-ის მიერ მოყვანილი წინასწარი შეფასებით, „დობრას“ რესურსი შესაძლოა 1.26 მილიონ ტონამდე ლითიუმის კარბონატის ეკვივალენტს შეიცავდეს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რესურსის სრულად დადასტურებას, მაღაროს მშენებლობასა და კომერციული წარმოების დაწყებას წლები დასჭირდება.

ლითიუმის მნიშვნელობას ელექტრომობილებისა და ენერგიის შენახვის სისტემების სწრაფი განვითარება ზრდის. USGS-ის 2026 წლის მონაცემებით, მსოფლიო ლითიუმის მოპოვებამ 2025 წელს დაახლოებით 290 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 31%-იანი ზრდაა. გლობალური დადასტურებული მარაგები დაახლოებით 37 მილიონ ტონას, ხოლო იდენტიფიცირებული რესურსები დაახლოებით 150 მილიონ ტონას შეადგენს.

უკრაინის საბადოების პოტენციალი მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ევროპისთვის, რომელიც კრიტიკული ნედლეულის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას ცდილობს. თუმცა უკრაინის მიერ გლობალური ლითიუმის ბაზრის მნიშვნელოვნად შეცვლის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება ომის დასრულებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მარაგების საბოლოო შეფასებასა და ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის შექმნაზე.

წყაროები: