ფინეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბზიკებს წინასწარი გამოცდილებისა და სპეციალური მომზადების გარეშე რთული ამოცანების გადაჭრა და საგნების იარაღად გამოყენება შეუძლიათ.
ექსპერიმენტისთვის მკვლევრებმა გამჭვირვალე კონტეინერები მოაწყვეს. ჭერზე დაამაგრეს ლურჯი წერტილი შაქრის სიროფით, რომელსაც ბზიკები პირდაპირ ვერ სწვდებოდნენ. კონტეინერში ასევე მოათავსეს ქაფის პატარა ბურთი.
ბზიკებს მხოლოდ აჩვენეს, რომ ლურჯ წერტილში საკვები იყო და ბურთი საფრთხეს არ წარმოადგენდა. ამის შემდეგ მეცნიერები აკვირდებოდნენ, შეძლებდნენ თუ არა მწერები სიროფამდე მიღწევას.
ბზიკების 85%-მა ბურთი ლურჯი წერტილის ქვეშ მიაგორა, ზედ ავიდა და სიროფს მისწვდა. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მათ ერთ წუთზე ნაკლები დასჭირდათ.
მკვლევრების შეფასებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბზიკებს დავალების შესასწავლად დრო და ეტაპობრივი ვარჯიში არ ჰქონიათ. მათ გამოსავალი წარსული გამოცდილების გარეშე იპოვეს.
კვლევა ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ მსგავსი უნარი მხოლოდ დიდი ტვინის მქონე ხერხემლიანებს აქვთ. წინა კვლევებით უკვე ცნობილი იყო, რომ ბზიკებს ერთმანეთზე დაკვირვებით სწავლა და ცოდნის გადაცემა შეუძლიათ.
კვლევის ხელმძღვანელ ოლი ლოუკოლას განცხადებით, ადამიანები მწერებს ხშირად მხოლოდ რეფლექსებით მოქმედ არსებებად მიიჩნევენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენები ამ დამოკიდებულებას შეცვლის.