საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების, მათ შორის ლარში ნომინირებული სტაბილკოინების, ემიტენტებისთვის დამატებითი ანგარიშგების მოთხოვნები დააწესა. შესაბამისი წესი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას, 21 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებმა ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია გამოშვებული სტაბილკოინის ტიპის, მიმოქცევაში არსებული და გამოსყიდული აქტივების რაოდენობის, ასევე მათი უზრუნველყოფის მიზნით განთავსებული სარეზერვო და ლიკვიდური აქტივების შესახებ. ანგარიშგება წინა კალენდარული თვის მონაცემებს უნდა ასახავდეს და ყოველი თვის 10 რიცხვამდე წარედგინოს სებ-ს.
დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს მითითებული სტაბილკოინის დასახელება, გამოშვების მაქსიმალური მოცულობა, მიმოქცევაში არსებული რაოდენობა, ასევე რეზერვის ტიპი, ვალუტა, მოცულობა და ფინანსური ინსტიტუტი, სადაც შესაბამისი აქტივებია განთავსებული.
წესის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ სარეზერვო აქტივების საერთო ღირებულება მიმოქცევაში არსებული სტაბილკოინების ღირებულების არანაკლებ 100%-ს შეადგენდეს. მაგალითად, თუ მიმოქცევაში 1 000 ლარის ღირებულების სტაბილკოინია, მის უზრუნველსაყოფად მინიმუმ 1 000 ლარის შესაბამისი რეზერვი უნდა არსებობდეს.
ლარში ნომინირებული სტაბილკოინების შემთხვევაში რეზერვად შეიძლება გამოყენებული იყოს ლარში არსებული აქტივები, მოთხოვნამდე ან მყისიერად გამოთხოვადი ვადიანი დეპოზიტები და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, რომელთა დარჩენილი ვადიანობა ერთ წელს არ აღემატება.
ემიტენტებმა პირველი ანგარიშგება ეროვნულ ბანკს არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა უნდა წარუდგინონ. შემდგომში ინფორმაცია ყოველთვიურად, ელექტრონულად ხელმოწერილი ფორმით გაიგზავნება.
ახალი წესი იმ მარეგულირებელი ჩარჩოს ნაწილია, რომელიც სებ-მა სტაბილკოინებისთვის მიმდინარე წელს შექმნა. მარტში ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველადი შეთავაზების წესი, რომლის მიხედვითაც ემიტენტებს მომხმარებლებისგან მიღებული თანხების 100%-ის შესაბამისი რეზერვის მუდმივად შენარჩუნება ევალებათ.
ამავე რეგულაციების საფუძველზე იგეგმება ლარზე მიბმული GELT-ის პროექტიც. Tether-ის განცხადებით, GELT ლართან 1:1 თანაფარდობით მიბმული ციფრული აქტივი უნდა იყოს, თუმცა მისი გაშვება მხოლოდ შესაბამისი სალიცენზიო პროცედურებისა და ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.