აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაეროს რეგულარული ბიუჯეტის დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებაზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტი 4 აგვისტოთი თარიღდება და მასში სახელმწიფო დეპარტამენტი გაეროს რეგულარული ბიუჯეტისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ იუწყება. თუმცა 21 აგვისტოს მდგომარეობით თანხა ჯერ გადარიცხული არ იყო. აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ნებისმიერი გადახდა დამოკიდებული იქნება გაეროში რეფორმების გაგრძელებაზე.
გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისისთვის აშშ-ის ორგანიზაციის მიმართ დავალიანება 4 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. აქედან დაახლოებით 2.04 მილიარდი დოლარი რეგულარული ბიუჯეტის დავალიანება იყო, 2.2 მილიარდი დოლარი მიმდინარე და წინა სამშვიდობო ოპერაციებზე მოდიოდა, ხოლო დაახლოებით 44 მილიონი დოლარი გაეროს ტრიბუნალებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს შეადგენდა.
შესაბამისად, დაგეგმილი 725 მილიონი დოლარი გაეროს მიერ დასახელებული აშშ-ის მთლიანი დავალიანების 20%-ზე ნაკლებია და, ამავე დროს, რეგულარული ბიუჯეტის დავალიანების დაახლოებით მესამედს შეადგენს.
გაერო ბოლო თვეებში მწვავე ლიკვიდობის პრობლემაზე საუბრობს. ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს რეგულარული ბიუჯეტის გადაუხდელმა შენატანებმა დაახლოებით 1.57 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2026 წლის 30 აპრილისთვის გადაუხდელი შენატანები დაახლოებით 2.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ფინანსური პრობლემების საპასუხოდ გაერო UN80-ის სახელით ცნობილ რეფორმას ახორციელებს. ორგანიზაციამ 2026 წლის ბიუჯეტი 9.2%-ით შეამცირა და 2 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ნიუ-იორკიდან და ჟენევიდან შედარებით დაბალხარჯიან ქალაქებში გადაიტანა.
აშშ გაეროს რეგულარული და სამშვიდობო ბიუჯეტების უმსხვილესი კონტრიბუტორია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირა. აშშ-ის 2026 წლის თავდაპირველი საბიუჯეტო მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამშვიდობო ოპერაციების შესაბამის პროგრამებზე წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულ დაფინანსებას ითვალისწინებდა.
Reuters-ის ცნობით, გაეროს ფინანსური მდგომარეობისთვის 725 მილიონი დოლარის შესაძლო გადარიცხვა მოკლევადიან შვებას შექმნის, თუმცა ორგანიზაციის დაგროვილი დავალიანებისა და ლიკვიდობის პრობლემის სრულად მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება.
წყაროები:
Reuters — US plans $725 million payment towards its large UN debt
United Nations — Statement on UN finances, 30 June 2026
U.S. Congress, CRS — U.S. Funding to the UN System