ვინ იქნება საქართველოს 142-ე პატრიარქი?! - ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ მის ხმამაღლა დასმას, პატრიარქის სიცოცხლეში ყველა ერიდებოდა.  ამ კითხვას ახლა პასუხი ზუსტად 2 თვეში უნდა გაეცეს. მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არჩევის პროცედურა 40 დღეში დაიწყება და ილია მეორეს გარდაცვალებიდან, არა უგვიანეს 2 თვისა, საბოლოოდ დასრულდება. ასეთია წესი, რომელიც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში 1995 წელს ჩაიწერა.

ქართულ ეკლესიას, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პატრიარქის არჩევის გამოცდილება უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფაქტობრივად არ ჰქონია. ეს ბოლოს 1977 წელს, მაშინ მოხდა, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და სიონის საკათედრო ტაძარში, ილია მეორეს უწმინდესისა და უნეტარესის ტიტული მიენიჭა.

49 წლის წინანდელი გამოცდილებით, ილია შიოლაშვილის პატრიარქად აღსაყდრებას მხარი სინოდმა ერთხმად დაუჭირა. თუმცა მაშინ უმაღლეს სასულიერო კრებაში, პატრიარქად არჩეული ილია მეორეს გარდა, სულ 6 წევრი ირიცხებოდა. ახლა კი სინოდი 39 ეპისკოპოსისგან შედგება და სწორედ მათ შორის უნდა გამოირჩეს ის, ვინც მაისში, პატრიარქის მიტრას, თავზე დაიდგამს.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი განმარტავს, რომ მოსაყდრე, მემკვიდრეს არ ნიშნავს და მეუფე შიო, ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მომგვარებელია. მოსაყდრეობა კი პატრიარქად გახდომის გარანტია არ არის.

  • თანამედროვე დებულების თანახმად, პატრიარქად არჩევის წესი მოითხოვს, კენჭისყრაში მონაწილეობა 3-მა კანდიდატმა მიიღოს. პირველ ტურში, 2 დაწინაურებული მღვდელმთავარი გამოვლინდება, რომელთა შორისაც გამორჩევა უკვე გაფართოებულ ფორმატში, რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატების დახმარებით უნდა მოხდეს. თუმცა გადამწყვეტი ხმის უფლება მაინც მხოლოდ სინოდის წევრებს აქვთ და რიგითი მღვდლები მხოლოდ კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობენ.

ასაკი, ეროვნება, სასულიერო განათლება და ბერობა - ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის დაცვასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება ითხოვს. ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობელი შეიძლება მხოლოდ 40-დან 70 წლამდე მღვდელმთავარი იყოს. ეს ჩანაწერი უკვე გამორიცხავს არჩევნებში 9 ეპისკოპოსის მონაწილეობას.

  • კითხვის ნიშნის ქვეშაა მეუფე ანტონის კანდიდატურაც, მას 70 წელი 7 მაისს უსრულდება. ამ დროს კი შესაძლებელია პატრიარქის არჩევის პროცედურა დასრულებული არ იყოს. 
  • მიტროპოლიტი გრიგოლი - ერისკაცობაში გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ფოთის და ხობის მიტროპოლიტია. წმინდა სინოდში დიდი გავლენები და ავტორიტეტი აქვს. მეუფე გრიგოლი საქართველოს საპატრიაქოში პარალელურად გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტს თავმჯდომარეობს.
  • ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი - მასაც წმინდა სინოდის წევრთა დიდ ჯგუფთან აქვს მჭიდრო კავშირი, მეუფე დანიელს  ახლო ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთანაც. თუმცა რამდენად მოხდება მისი კანდიდატურის დაყენება, რთული სათქმელია, რადგან ის უკვე 70 წლის არის და ივლისში 71 წელი უსრულდება.
  • მეუფე ანდრია - გორისა და ატენის ეპარქიის წინამძღოლი, ის საპატრიარქოში ქონების მართვის სამსახური ხელმძღვანელობს. მეუფე ანდრია ერთ ერთი იყო, ვინც ილია მეორეს სიცოცხლეშივე  საპატრიარქოს მართვაში მონაწილებდა და მრავამილიონიანი ქონებების განაკრგვა ჰქონდა ჩაბარებული. 
  • მეუფე იაკობი ჯერ დუმს, თუმცა მისი ხმა როგორც წესი, წმინდა სინოდში ყველაზე ხმამაღლა ისმის. ჩვენი ინფორმაციით ის არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის ნომინირებას საქარველოს პატრიარქად, თუმცა ახალი პატრიარქის ასარჩევად, ყოფილი ქორეპისკოპისის სიტყვა უმნიშვნელო ვერ იქნება.
  • უმაღლეს სასულიერო პირებს შორის ერთადერთი, ვინც ილია მეორეს შემცვლელის არჩევაზე, ღიად და  თამამად ისაუბრა, მეუფე ზენონია. მისი თქმით, უწმინდესმა დაიბარა, რომ მისი მემკვიდრე ყოველგვარი გარე ჩარევისა და გავლენებისგან თავისუფალ გარემოში აირჩიონ. 
  • საფრთხეებზე პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ხმამაღლა მეუფე ზენონთან ერთად, უწმინდესის მიერ ეპისკოპოსად ხელდასმული მეუფე ნიკოლოზიც ალაპარაკდა.

დაქვრივებული ტახტი ახალ პატრიარქს ელოდება. ამ ტახტის მფლობელის  კრიტიკა აქამდე ღიად არცერთ ხელისუფალს გაუბედავს. ყველა ცდილობდა ანგრიშის გაწევას და საჯაროდ საპატრიაქოსთან კარგი ურთიერთოებების დემონსტირებას. პირველი ივანიშვილი იყო, ვინც ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე პირველად თქვა, რომ "პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს" და რომ "ეკლესიის მოსაზრებების გათვალისწინება აუცილებელი არ არის".

ამის შემდეგ საპატრიარქოს არა ერთმა ქარიშხალმა გადაუარა, ჯერ იყო ე.წ. ციანიდის სკანდალი, როდესაც ხალხს მიანიშნეს, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა, შემდეგ თქვეს, რომ მიზანში უწმინდესი არ ყოფილა და მღვდელს ციანიდი  გერმანიაში შორენა თეთრუაშვილის მოსაწამლად მიჰქონდა. 

  • ამ პროცესმა ყველაზე მეტად მეუფე დიმიტრი დააზარალა, რადგან დაკავებული მღვდელი მამა გიორგი მამალაძე მისი სულიერი შვილი იყო. პატრიარქის დაცვის უფროსი კი მეუფის ქალიშვილი ქმარი. საბოლოოდ, ციანიდის სკანდალის ფონზე მეუფე დიმიტრიმ განცხადება გააკეთა, რომ ის პატრიარქობას არ აპირებდა.

ციანიდის საქმის შემდეგ საპატრიარქო ახალ სკანდალში გაეხვა: 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, უკანონო მოსმენების შედეგად შექმნილმა ათასობით ჩანაწერმა  გამოჟონა, მათ შორის იყო მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტების პირადი ცხოვრების დეტალებიც. სწორედ მაშინ დადგინდა, რომ ფარულად უსმენდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსაც.

ოპერატიული ცნობის მიხედვით, მცხეთის ჯვრის მონასტერთან არსებული საპატრიარქო რეზიდენციიდან ილია მეორე საკუთარ დას დაუკავშირდა, მონაზონ ნატალია შიოლაშვილს, რომელსაც აცნობა, რომ ცუდი სიზმარი ნახა და ხსენებულიდან გამომდინარე, დაავალა სასწრაფოდ შეამოწმოს საპატრიარქოში არსებული მისი (პატრიარქის) პირადი სეიფი. მოგვიანებით, ნ.შიოლაშვილმა უწმინდესს განუცხადა, რომ სეიფს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. 

  • ერთ-ერთ კანდიდატურად მეუფე გერასიმეც სახელდება. ის ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსია და საპატრიარქოს საგარეო სამსახურს ხელმძღვანელობს.  
  • მეუფე გრიგოლი ახლა ერთ-ერთია იმ სავარაუდო კანდიდატებს შორის, ვინც შესაძლოა, პატრიარქის მინტრა დაიდგას.

მეუფე ანტონმა ხუთშაბათს ტვ პირველის ეთერში არ დამალა, რომ საპატრიაქოსთვის სხვა ეპოქა იწყება, სადაც 39 ეპისკოპოსს სათავეში აღარ ეყოლება ის ავტორიტეტული მმართველი რომელმაც ისინი ეპისკოპოსებად გამოარჩია. 

tvpirveli.ge