ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესის ფარგლებში, საქართველოს ამჟამინდელი ვალდებულებების შესაბამისად, ჯამში, დაახლოება განხორციელებულია ევროკავშირის 117 საკანონმდებლო აქტთან (74%) – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სულ მიღებულია 40 500-ზე მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი საქართველოს სტანდარტად, ხოლო სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების – CEN/CENELEC-ის 2026 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაციის მაჩვენებელი 93,72%-ს შეადგენს, რაც აღემატება ამავე ორგანიზაციებში სრული წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს (80%).

„2025 წლის დეკემბრიდან, მეტროლოგიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიურ ლაბორატორიაში დაინერგა ახალი მომსახურება გამონაბოლქვი აირის ანალიზატორების დაკალიბრება/დამოწმება, ამავე წლის მეოთხე კვარტალში, დასრულდა მეტროლოგიის ინსტიტუტის დიდი მოცულობის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა. შეიქმნა სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტები „ევროკოდები“ და „მეტროლოგია“, სადაც ჩართული არიან სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, ცვლილება განხორციელდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე არასასურსათო პროდუქტებზე ზედამხედველობის ღონისძიებების კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას. ცვლილება შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ და დაიფარა 125 ახალი სამშენებლო პროდუქტი.

აგრეთვე, 2025 წლის 31 დეკემბრიდან, ამოქმედდა „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 14-ივე ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს ენერგოეტიკეტირების მოთხოვნებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიმართ. საანგარიშო პერიოდში, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შემუშავდა შესაბამისობის შეფასების, აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სტრატეგიის (TBT სტრატეგია) პირველადი პროექტი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით, დასრულდა კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ტექსტის იურიდიულად გამართვის პროცედურები. 2025 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა სერბეთის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივ განცხადებას. 2025 წლის დეკემბერში, საქართველოსა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ვაჭრობის ერთობლივი მიმოხილვის მიზნით, შედგა ორი შეხვედრა საუდის არაბეთსა და თბილისში. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის 2017 წლის 13 მაისს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2026 წლის 22 აპრილს ხელი მოეწერა ოქმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის“, – ნათქვამია ანგარიშში.