ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს განათლების ექსპერტი ნანა ტოხვაძე რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას საკმაოდ მწვავედ აფასებს და აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია, როცა სამინისტრომ მხოლოდ 8 გამოწვევა წამოსწია ეროვნულ კონცეფციაში იმ ფონზე, როცა, როგორც თავადვე ამბობს, „მარტივად შესაძლებელია, მინიმუმ 88 გამოწვევა ჩამოვთვალოთ“.
„რაც შეეხება ფორმებისა და ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის დანერგვას მთელ ქვეყანაში, ამ ადამიანების მოტივაცია გახლავთ განათლების სისტემის ერთიან მასას, რაღაც ქარხნული პრინციპით გადაქცევა, სადაც არავითარი ინდივიდუალიზმი, არავითარი სააზროვნო მოდელების განსხვავებულობა არ იარსებებს არათუ სახელმძღვანელოს, არამედ სკოლების დონეზეც კი. თითქოს გამოსავალი იპოვეს ყველას ერთმანეთისთვის დამსგავსებაში“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე.
როგორც განათლების ექსპერტი ამბობს, თუნდაც სამინისტროს მიერ წამოწეული 8 გამოწვევაც არასათანადოდ არის შეფასებული. კერძოდ, თუნდაც ფორმების ნაწილი, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მით უმეტეს, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წელიწადში 2-3 ფორმა მაინც დასჭირდებათ.
„აუცილებლად აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ეს სოციალურ განსხვავებულობას მოხსნის. 21-ე საუკუნეში საერთო ნიშის მინიჭება არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ სოციალური უთანასწორობა მოიხსნას. სოციალური უთანასწორობა მოიხსნებოდა იმ პრობლემებზე საპასუხოდ რომ გაკეთებულიყო კონცეფცია, რომელზეც ექსპერტები დიდი ხანია, მსჯელობენ. როცა საუბარია იმაზე, რომ ყველა მე-3 მოსწავლე მშიერი ზის კლასში, ისინი გვპასუხობენ, რომ ფორმებს შემოგვთავაზებენ და ეს არის გამოსავალი. როცა საუბარია იმაზე, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა დანგრეულია, ბავშვებს თავზე ბათქაში აცვივათ, ისინი გვთავაზობენ, რეპეტიტორიუმის პრინციპზე მივდივართ და არა უშავს, საპირფარეშო და ჰიგიენის ნორმები თუ არ არსებობს სკოლებშიო“, - განაცხადა ნანა ტოხვაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
ნანა ტოხვაძე ხელისუფლებას საარჩევნო პერიოდის დანაპირებსაც ახსენებს, რომლის მიხედვითაც, სკოლებში კვების პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
„თუ ბავშვებზე ზრუნვაა მათი პრიორიტეტი, რაშიც ეჭვი მეპარება, პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, ეს არის მოწესრიგებული და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მქონე სკოლები. არ გაეფლანგათ და არ მოეპარათ მილიონები და აუცილებლად გვექნებოდა ის დამატებითი 200 სკოლა“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე.