პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, აშშ იწყებს იმ საიდუმლო დოკუმენტების ნაწილის გამოქვეყნებას, რომლებიც „ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს“ ეხებათ და რომელთა შესახებ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უამრავი მასალა დაგროვდა. ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული გახლდათ ათწლეულების განმავლობაში და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მყოფ არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გასჩენია იმის სურვილი, რომ ეს საინტერესო დოკუმენტები აქამდეც გამხდარიყო ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი.
თუ რატომ მოიცალა ირანთან ომში „გაჭედილმა“ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა სწორედ ახლა „მფრინავი თეფშებითვის“, სულ სხვა და ძალიან საინტერესო სტატიის თემაა, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ საინტერესო უნდა გახდეს ის ფაქტი, რომ პირველსავე განსაიდუმლოებულ დოკუმენტებში გაიჟღერა ჩვენი საქართველოს სახელმა და თანაც - „ამოუცნობ მფრინავ თეფშებთან“ დაკავშირებით...
ეს ისტორია მეოთხედი საუკუნის წინ იწყებოდა, 2001 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებში, როდესაც საქართველოში მორიგი რთული სიტუაცია იდგა...
30 ოქტომბერს რუსეთში აშშ-ის სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ ვაშინგტონში დაშიფრული შეტყობინება გააგზავნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ... საქართველოს თავზე „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ გააქტიურდნენ და კოდორის ხეობა დაბომბესო...
ამერიკელი ელჩი თეთრ სახლს ატყობინებდა იმის თაობაზე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მამედოვი მასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფდა რუსული ავიაციის მოქმედებას საქართველოს ცაში და „მფრინავი თეფშების“ ოინებზე გადაჰქონდა ყურადღებაო...
არადა, 28 ოქტომბერს საქართველოს კოდორის ხეობაში (რომელსაც მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა) სეპარატისტული აფხაზეთის მხრიდან მართლაც შემოფრინდა ოთხი რუსული თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი, რომლებმაც დაბომბეს კოდორის უღელტეხილის გზა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ჩეჩენი საველე მეთაურის - რუსლან გელაევის შეიარაღებული რაზმი პანკისის ხეობიდან გადავიდა დასავლეთ საქართველოში და კოდორის გავლით სოხუმისკენ მიემართებოდა. თუ რისთვის, და იყო თუ არა ეს მორიგი ავანტურა საქართველოს ახალ ომში გასახვევად, ეს კიდევ სხვა თემაა...
ვრცლად: kvirispalitra.ge