როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობს განცხადებაში ღარიბაშვილი, თუმცა მის საქმეზე დამდგარია განაჩენი, დანარჩენი კი სამართალდამცავი უწყებების საქმეა.
„ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი, რაზეა საუბარი. ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. პრობლემური განცხადებაა, ასე ვიტყოდი. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. იმის გამო, პირველ რიგში, რომ ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად არსებობს რაღაც ეთიკური სტანდარტები, რაც მე მზღუდავს ამ თემაზე განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაში. მისი ოჯახის ინტერესები, რა თქმა უნდა, დაცულია. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული. რაზეც საუბარია ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს