ზაფხულის ცხელ დღეებში საცურაო აუზები და აკვაპარკები განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს და მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა ღირს აკვაპარკებით სარგებლობა რეგიონებში.

რეგიონში ხალხმრავლობით გამოირჩევა, განმუხურში მდებარე აკვაპარკი „ანაკლია“. აკვაპარკში განთავსებულია: 7 სლაიდი, ერთი ჯაკუზი და პატარებისთვის დამატებითი სასრიალოები. აკვაპარკში ასევე განთავსებულია ორი კვების ობიექტი.

რაც შეეხება ფასებს, აკვაპარკით სარგებლობა 4 წლამდე ბავშვებს უფასოდ შეუძლიათ, 4 დან 10-წლამდე ბავშვებისთვის  შესვლის საფასური 25 ლარი , 10 წლიდან ზემოთ კი 35 ლარია. აკვაპარკი ვიზიტორებს ყოველდღიურად 11 საათიდან - 19 საათამდე მასპინძლობს.

ასევე პოპულარულია ბათუმში მდებარე აკვაპარკები. განსაკუთრებული პოპულარულობით კი EUROPARK-ი გამოირჩევა. აკვაპარკი ვიზიტორებს ყოველდღიურად 10:00 დან 20:00 საათის ჩათვლით ემსახურება.

აკვაპარკში შესვლა 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა, 6 წლიდან ზემოთ კი შესვლის საფასური 30 ლარია. აკვაპარკში 5 აუზი და სხვადასხვა სახის ატრაქციონია დამონტაჟებული. გასართობ ცენტრში ასევე ფუნქციონირებს რესტორანი და ბუნგალო. ბათუმის აკვაპარკი 1000 ადამიანზეა გათვლილი