კრიზისი ავტოინდუსტრიაში გრძელდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია CarMark-ის დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა. სავარაუდოდ, ბევრი კომპანია დაიხურება, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ ახალი მიმართულებით განვითარდეს.

მან ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილების გაყიდვების დინამიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი კომპანიის მაგალითზე, რეალიზაციის მაჩვენებლები 65%-ით არის შემცირებული.

„ოქტომბრის თვის დაზუსტებული მონაცემებით, CarMark-ის გაყიდვები 65%-ით შემცირდა. ვფიქრობ, ნოემბერში კლება კიდევ უფრო მაღალი იქნება. თუმცა, ჩვენ შევძელით, რომ რაღაც გამოსავალი გვენახა, რათა გაყიდვები სრულად არ განულებულიყო. კერძოდ, მოვახერხეთ, ჩინური ბაზრის მიმართულებით გავაქტიურებულიყავით და მომხმარებლისთვის როგორც ახალი, ისე მეორადი ჩინური ავტომობილები შეგვეთავაზებინა. რომ არ გვენახა ეს გამოსავალი, კომპანიის არსებობას აზრი აღარ ექნებოდა“, - აღნიშნა ირაკლი კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლების იმ შემცირებული რაოდენობიდან, რაც კომპანიას ამჟამად დარჩა, 70% ელექტრომობილებს ყიდულობს, დანარჩენი კი - ჰიბრიდებს. რაც შეეხება შიდა წვის ძრავიან მანქანებს, მათზე მოთხოვნა განულებულია.

ის, რომ ელექტრო ავტომობილებზე მოთხოვნა რეკორდულად გაზრდილია, ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც მიანიშნებს. "თიბისი კაპიტალის" უახლესი კვლევის მიხედვით, 2026 წლის 9 თვეში, ქვეყანაში ელექტრომობილების პირველადი რეგისტრაციების რაოდენობა გაორმაგდა და საქართველოს ავტოპარკს 10 323 ერთეული ელექტრომობილი შეემატა.

bp.ge