რუსეთის ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის მერიამ სოხუმის მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად სუბსიდიის მიმღებთა შერჩევა გამოაცხადა.

ტურიზმის განვითარების დეპარტამენტმა შესაბამისი ბრძანება ადმინისტრაციის ვებგვერდზე განათავსა, რასაც რუსული “კომერსანტი” ავრცელებს.

შერჩევის მონაწილეთა განაცხადები 13 აპრილამდე მიიღება. სუბსიდიის ოდენობა ერთ უკანა რეისზე ხარჯის 75%-ს, თუმცა არაუმეტეს 704 ათასი რუბლის (8.160 დოლარის) ოდენობას შეადგენს. სუბსიდიის მთლიანი თანხა, თითქმის, 14,8 მლნ რუბლია (171.534 დოლარია), რაც მიმდინარე წლის 31 ოქტომბრამდე ფრენების განსახორციელებლად არის გათვლილი.

სოხუმი პირველი ქალაქია, რა მიმართულებაზეც ავიარეისების სუბსიდირება ნიჟნი-ნოვგოროდის მუნიციპალური ბიუჯეტიდან იგეგმება.

“კომერსანტი” თებერვლის ბოლოს წერდა, რომ ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში პირდაპირი ფრენების დაწყება წელს იგეგმებოდა. მერი, იური შალაბაევი მაშინ აცხადებდა, რომ ქალაქის ოფიციალური პირები ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებდნენ, რომლებიც ავიამიმოსვლის ახალი მარშრუტით არიან დაინტერესებული.

მათი ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა ერთ-ერთი ავიაკომპანია შესაძლოა, თათრეთის UVT Aero იყოს, რომელმაც 7 თებერვალს სოხუმის აღდგენილ აეროპორტში მოსკოვიდან სატესტო რეისი შეასრულა. სავარაუდოდ, აფხაზეთში საწყის ეტაპზე რეისებს სწორედ ეს ავიაკომპანია შეასრულებს.

ცნობისთვის: ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდის გარდა, სოხუმში ავიარეისები შესაძლოა, მოსკოვიდან, ყაზანიდან, ეკატერინბურგიდან და პერმიდან შესრულდეს. სეზონის მიხედვით ორმხრივი ბილეთის სავარაუდო ფასად 232-დან 464 დოლარამდე, ხოლო ცალმხრივის - 186-209 დოლარი სახელდება. აფხაზეთის დე ფაქტო ტრანსპორტის სამინისტროს მონაცემებით, აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს 2 მილიონამდე გაზრდის პერსპექტივით მიიღებს.

Bpn.ge