• გასული წელიწადი ბოლო 33 წლის მანძილზე ყველაზე გვალვიანი აღმოჩნდა.

  • მდინარეებში წყლის დონე საგანგაშოდ შემცირდა, დნება მყინვარები.

  • ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს, რადგან იკლებს წყლის დონე წყალსაცავებში და საფრთხე ემუქრება სოფლის მეურნეობ.

გასული წელი ბოლო 33 წლის მანძილზე ყველაზე გვალვიანი გამოდგა, ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization – WMO) ანგარიშში, სახელწოდებით „დედამიწის წყლის რესურსების მდგომარეობა 2023 წელს”.

2023 წელს მდინარეებში წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულად დაბლა დაეცა. გვალვისა და საშინელი სიცხის გამო წყლის უმნიშვნელოვანესი მარაგები საფრთხეში აღმოჩნდა.

წყალი კლიმატის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენ მაინც არ მივმართავთ საჭირო ზომებს მდგომარეობის შესაცვლელად” – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე WMO-ს გენერალურმა დირექტორმა – სელესტა საულომ.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მდინარეებში წყლის დონე ნორმაზე დაბალი იყო. შესაბამისად, იკლებდა წყლის დონე წყალსაცავებშიც, რის გამოც მოსახლეობა, სოფლის მეურნეობა და რიგი ეკოსისტემები გვალვის საფრთხის წინაშე დადგა.

ბოლო 50 წლის მანძილზე მყინვარები რეკორდულად შემცირდა, რის შესახებაც განაცხადა მოხსენებაში ყველა ქვეყანამ, რომელთა ტერიტორიაზეც მყინვარები არსებობს.

WMO-ს ცნობით ჩრდ. ამერიკის, ევროპისა და შვეიცარიის მყინვარებმა ბოლო 2 წელიწადში ყინულის მოცულობის 10% დაკარგეს.

როიტერსი“-ს ცნობით მყინვარების მკვეთრი დნობის გამო მსოფლიო მყინვარებმა 600 გიგატონა წყალი დაკარგეს. ბოლო 50 წლის მანძილზე ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

WMO-ს ჰიდროლოგიის დირექტორმა, შტეფან ულენბრუკმა განაცხადა, რომ „მყინვარების სრული გაქრობა რამდენიმე ათწლეულში კიდევ უფრო დრამატულ შედეგებს გამოიწვევს.”

გასულ წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რამაც გამოიწვია გვალვები. ასევე იყო წყალდიდობების მნიშვნელოვანი რაოდენობა მთელს მსოფლიოში. ამ ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე გავლენა მოახდინა ჩვენი პლანეტის გადასვლამ ლა-ნინიიდან ელ-ნინოში და კლიმატის ანთროპოგენურმა ცვლილებებმა.

წყალი იადონია კლიმატური ცვლილებების მაღაროში. ჩვენ უფრო და უფრო მძლავრ სიგნალებს ვიღებთ ბუნებისგან ექსტრემალური ნალექის, წყალდიდობებისა და გვალვების სახით, რომლებიც მძიმე დარტყმას აყენებენ ადამიანთა სიცოცხლეს, ეკონომიკასა და ეკოსისტემებს. მყინვარების დნობა მრავალ მილიონ ადამიანს სერიოზულ საფრთხეში აყენებს, რადგან ისინი უწყლოდ დარჩებიან, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიღებთ საჭირო ზომებს” – ნათქვამია სეულოს პრეს-რელიზში.

გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ დღესდღეობით დაახლოებით 3.6 მილიარდი ადამიანი წელიწადში მინიმუმ 1 თვის განმავლობაში წყლის უკმარისობას განიცდის. საუკუნის შუა რიცხვებისთვის მათი რაოდენობა 5 მილიარდამდე ავა. დედამიწაზე წყლამომარაგების სტაბილიზაციას ვერ ვახერხებთ.

ტემპერატურის მომატების გამო ჰიდროლოგიური ციკლი დაჩქარდა. ის აგრეთვე უფრო არამყარი და არაპროგნოზირებადი გახდა. ამის გამო ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვდგებით წყლის უკმარისობის ან სიჭარბის პრობლემის წინაშე. დედამიწის ატმოსფერო უფრო თბილი გახდა და მეტ სითხეს ინარჩუნებს, რაც მეტ ნალექს იწვევს. წყლის უფრო სწრაფი აორთქლება და ნიადაგის გამოშრობა გვალვის შედეგებს კიდევ უფრო სავალალოს ხდის” – ამბობს სეულო.

გამდინარე წყლის დონის საზომი სადგურების რაოდენობა 14 ქვეყანაში არსებული 273-დან გაიზარდა 713-მდე 33 ქვეყანაში, გასულ წელთან შედარებით. მიწისქვეშა გრუნტის წყლების საზომი ჭაბურღილების რაოდენობაც გაიზარდა 35,459-დე 40 ქვეყანაში. მართალია ამჟამად მონაცემების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამხ. ამერიკა, აზია და აფრიკა არასაკმარისადაა წამოდგენილი. აუცილებელია მეტი წყლის დონის საზომი სადგურების დაყენება გლობალური სამხრეთის ქვეყნებშიც.

მსოფლიოში მტკნარი წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. ვერ ვმართავთ იმას, რასაც არ ვზომავთ. ჩვენი ანგარიშის მთავარი მიზანია მონიტორინგისა და მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესება საზღვრებს მიღმა, ეს სასწრაფოდ გვჭირდება“ – დასძინა საულომ პრეს-რელიზში.

სტატიზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, რუსა ციცქიშვილი

წყარო: Ecowatch.com

greenpole.org