კულინარიულმა გამოცემა TasteAtlas-მა ხაჭაპური წლის საუკეთესო 100 კერძს შორის დაასახელა. პლატფორმაზე ხაჭაპური ყველაზე ცნობილ ქართულ კერძად არის მოხსენიებული და რეიტინგში 46-ე ადგილს იკავებს. ,,ეს მარტივი ყველის პური, რომელიც ხაჭაპურის სახელითაა ცნობილი, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია."- წერს კულინარიული გამოცემა. 

,,ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ კერძში ყველის რამდენიმე ახალ სახეობას იყენებენ, როგორიცაა მოცარელა და ფეტა, მაინც ყველაზე გავრცელებულია ტრადიციული ქართული სულგუნი ან იმერული ყველი.

მას სხვადასხვა ფორმა აქვს. ცხობის მეთოდისა და ფორმის მიხედვით, მისი მირთმევა შეუძლია როგორც ერთ პერსონას, ასევე შესაძლებელია მისი განაწილება.

ორი ყველაზე გავრცელებული სახეობაა იმერული ხაჭაპური, რომელსაც წრიულ ფორმას აძლევენ და აჭარული ხაჭაპური, რომელზეც ზემოდან კარაქსა და უმ კვერცხს ათავსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპური ხემსად ითვლება, ის ხშირად სრულფასოვან კერძადაც შეიძლება მივირთვათ. მისი შეძენა შესაძლებელია საქართველოს საავტომობილო გზების გასწვრივ განთავსებულ მრავალრიცხოვან კვების ობიექტებში.”- წერს გამოცემა.