საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის N 58-ე და N 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს.
 
საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებმა GCCA-ის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღეს მომხმარებლის უფლებების, მათი დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ. შეხვედრების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლება და იმ საჭირო ცოდნის გაზიარება იყო, რომელიც მათ თანამედროვე ბაზარზე საკუთარი ინტერესების დასაცავად გამოადგებათ.
 
შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ საკითხებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებმა ნივთის ადგილზე, ან ონლაინ შეძენისას, როგორ ამოიცნონ შესაძლო დარღვევები და რა ნაბიჯები უნდა გადადგან საკუთარი უფლებების აღსადგენად. სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს პრაქტიკაში არსებული რეალური მაგალითების საფუძველზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
 
შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა GCCA-ის სასწავლო ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროგრამა დადებითად შეაფასეს.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს