აშშ-მ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების მიღების პროცედურა გაართულა. ვიზის მიღების მსურველებს მიმდინარე წლის აპრილიდან აშშ-ის ხაზინაში 5-დან 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტი მოეთხოვებათ.
ამ შეზღუდვით საქართველო ისეთი ქვეყნების სიაში მოხვდა, როგორიცაა: ალჟირი, ანგოლა, ბანგლადეში, კუბა, გვინეა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და ასე შემდეგ.
საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელზეც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა გაავრცელა.
უკავშირდება თუ არა ეს შეზღუდვები „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას? – ამ თემაზე „ბათუმელები“ აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, დავით სიხარულიძეს ესაუბრა.
- ბატონო დავით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებიდან ერთადერთია, რომლის მოქალაქეებიც ვეღარ ისარგებლებენ გრძელვადიანი ვიზებით და მოკლევადიან ვიზაშიც ძალიან დიდი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. რამ განაპირობა აშშ-ს ეს გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ?
საქართველოსთვის ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენ დიდხანს ვმუშაობდით სწორედ იმაზე, რომ რაც შეიძლება შეგვემსუბუქებინა თავის დროზე სავიზო რეჟიმი და საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ათწლიანი ვიზები გაიცემოდა. ის, რაც დღეს მივიღეთ, ამაზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
საერთოდ, ასეთი გადაწყვეტილებები კომპლექსურია. ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ალბათ იმის ანალიზია, თუ რამდენი ადამიანი დარჩა აშშ-ში ან ვიზას გადააცილა. თუმცა ესეც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია, ადამიანები ქვეყნიდან რომ გარბიან.
რთულია იპოვო ისეთი ოჯახი, სადაც ერთი წევრი მაინც არ არის ემიგრაციაში, რადგან აქ, ამ კორუმპირებულ სისტემაში უკვე შეუძლებელი ხდება ცხოვრება, სადაც ათეულობით ადამიანი ციხეშია გამოკეტილი მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი კონსტიტუციური უფლების დაცვა სცადეს.
უამრავი ადამიანი იდევნება, ჯარიმდება წარმოუდგენელი თანხებით და ყველა ხედავს, რომ ამ ქვეყანაში რუსული ტიპის ავტოკრატია მყარდება, რომელიც უსპობს ადამიანებს შესაძლებლობას ნორმალურად იცხოვრონ, თორემ კარგი ცხოვრებისგან არავინ არ გარბის.
- 2024 წელს, აშშ საქართველოს სთავაზობდა ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალ ეკონომიკურ ვაჭრობას იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ მიიღებდა რუსულ კანონებს. თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანას ეს სიკეთეც დააკარგვინა. კიდევ რითი შეიძლება დააზიანოს „ოცნებამ“ საქართველო?
„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გააფუჭა ურთიერთობები საქართველოს ყველა პარტნიორთან. როგორც საშინაო პოლიტიკით, ასევე თავისი საგარეო პოლიტიკით.
ნამდვილად აქვთ იმის ნიჭი, რომ მეგობარი მტრად აქციონ. საქართველო, რომელიც ერთ დროს ლიდერად ითვლებოდა რეგიონში, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ასევე მდგრადი ეკონომიკური განვითარებით და არა იმ ფსევდო ციფრების მანიპულაციით, რასაც დღეს ცდილობენ, რომ შემოგვასაღონ, ნაკლებად განვითარებადი და არადემოკრატიული ქვეყნების სიაში მოახვედრეს.
ამიტომ, ყველა კომპონენტმა თავისი გავლენა იქონია სავიზო პოლიტიკაზე.
აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმება და ხელის მოწერა ჩემ პერიოდში მოხდა, სულ ორი კვირის დასრულებული მქონდა ჩემი, როგორც ელჩის ვადა აშშ-ში და მახსოვს, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე. დემოკრატიის განმტკიცების შემთხვევაში კი შესაძლებელი იყო ვიზების შემდგომი გამარტივება და სავაჭრო ურთიერობის გაფართოება, თუმცა ეს პროცესიც დააზიანეს.
ასეთი საკითხები რომ მოგვარდეს, საქართველომ უნდა ანახოს პროგრესი, ინტერესი და აჩვენოს მზაობა თანამშრომლობის, მაგრამ საქართველოში დემოკრატია რომ განმტკიცდეს, ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ პოლიტიკური შეხედულებების გამო.
არ უნდა ძალადობდეს რეჟიმი ადამიანებზე, არ უნდა სცემდნენ და აწამებდნენ ხალხს და არ ჰყრიდნენ ციხეში საკუთარი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გამო. ეს ყველაფერი უაღრესად მნიშვნელოვანია და დაკავშირებულია ერთმანეთთან.
„ქართულ ოცნებას“ კი დიდი ხანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს ქვეყანა ასეთი ვითარებისკენ – გამოაცლის მეგობრებს, გამოაცლის პარტნიორებს და გაცილებით უფრო დაუცველს დატოვებს მისი პირდაპირი მტრის – რუსეთის წინაშე, რომელიც ერთადერთი მკაფიოდ გამოხატული საფრთხეა საქართველოს სახელმწიფოსთვის. ის არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაცვა ამ საფრთხისგან არიან სწორედ ჩვენი მეგობრები, რომელთა ჩამოშორებისთვის ყველაფერს აკეთებს „ოცნება“.
- 10-15 ათასი დოლარი რომ ჰქონდეთ დეპოზიტზე, ასეთი ადამიანები ალბათ ძალიან ცოტაა ამ ქვეყანაში. ფაქტობრივად, რიგითი მოქალაქეებისთვის იხერგება ამერიკის გზა. თუმცა, ამავე დროს, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩინოვნიკებისთვის, რადგან მათ არ აქვთ ფულის პრობლემა. რამდენად გაიაზრებს ამას ის საზოგადოება, რომელიც „ომის“ შიშით, ჯერ კიდევ ინერტულ მდგომარეობაშია?
იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები აღარ წამოეგებიან „ოცნების“ პროპაგანდის კაუჭზე, რადგან ამ ვითარების შემქმნელი „ქართული ოცნებაა“, რომელიც 14 წელია ხელისუფლებაშია. ჩვენ კი მათგან განსხვავებული მომავალი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. სხვამ შეიძლება მხარი დაგვიჭიროს. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც სწირავენ თავიანთ თავს, ჯანმრთელობას, თავისუფლებას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი.
- რამდენად რთული იქნება ამხელა დანაკარგების ფონზე, მივაღწიოთ იმ მიზანს, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია და დავიბრუნოთ დასავლეთის მხარდაჭერაც?
ძალიან ბევრი იქნება სამუშაო. თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადაიდგას – დანგრეულის აშენებას წლები და დიდი ძალისხმევა სჭირდება.
დანგრევა ადვილია, ურთიერთობების გამოსწორებას კი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება.
- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა ამ საკითხზე უფრო მეტი მუშაობა თუნდაც ოპოზიციის მხრიდან. თუ შეეძლოთ მათ მეტი კომუნიკაცია ჰქონოდათ აშშ-სთან ვიზების საკითხზე?
არ ვიცი, იყო თუ არა კომუნიკაციის პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ იმ 50 ქვეყანას შორის ვართ, სადაც ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.
ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებთან ასეთი უკუსვლა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, რადგან ის ცდილობს ურთიერთობის გაუარესებას.
თუმცა, თუ ფართო სურათზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა ვზარალდებით ყველაზე მეტად, რადგან „ოცნებამ“ ჩამოგვაშორა ყველა მეგობარი და პარტნიორი. ღია ტექსტებით ლანძღავენ, კრემლისტური პროპაგანდის გზავნილებით ათას რამეს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას, რაც მთლიანობაში ქვეყანას აზიანებს.
რომ გვქონდეს მომავალი, თავისუფლება, ბოლომდე უნდა დავიცვათ ეს ქვეყანა. სხვა არავინ დაიცავს ჩვენ მაგივრად და ეს ყველაფერი ჩვენი ხელით არის გასაკეთებელი.