„თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის,“ – მიიჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.

მისი აზრით, მინიმალურია, მაგრამ მაინც არსებობს მოლოდინი, რომ პროევროპული ორიენტაციის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის შემდეგი: ვინ გახდება პატრიარქი და რა ტიპის პოლიტიკურ პოზიციას დაიჭერს ეკლესია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე?

ფაქტია, რომ მიმდინარეობს საქართველოს  რუსიფიკაციის მცდელობა, როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად…

ისეა, როგორც აზარტულ თამაშებში: შეიძლება, წინასწარ განსაზღვრო, ვინ არის ძლიერ პოზიციაზე, მაგრამ საბოლოო შედეგის წინასწარ გამოთვლა ერთი-ერთში შეუძლებელია.

მეუფე ზენონი მიხვდა, რა შეიძლება გათამაშდეს… ის წინასწარვე ცდილობს, არ ჩაერიოს ამ საკითხში ხელისუფლება, თუმცა ეს გარდაუვალი იქნება: მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი გახლავთ სწორედ მთავრობის მხარდაჭერა.

ჩვენ, ქრისტიანების ნაწილს, კვლავაც გვჯერა სულიწმიდის არსებობის. რაღაც მომენტში ადამიანების გონებას მაინც საღმრთო სიბრძნე გაანათებს და სწორ არჩევანს გააკეთებენ სინოდის წევრები,“ – გვიყვება მირიან გამრეკელაშვილი.

ინტერვიუ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილთან:

  • ბატონო მირიან, პატრიარქ ილია მეორეს კვირას დაკრძალავენ. დაახლოებით ორ თვეში უნდა აირჩიონ ახალი პატრიარქი. იკვეთება თუ არა ამ ეტაპზე, ვინ შეიძლება გახდეს ახალი პატრიარქი?

მოცემულ მომენტში ხელაღებით ამ თემაზე საუბარი რთულია, თუმცა, მეორე მხრივ, არის ტენდენცია, რომ აშკარად სურთ მეუფე შიოს მომავალი პატრიარქობა, ადამიანისა, რომელიც უკვე ასრულებს მოსაყდრის მოვალეობას. სინოდის ნაწილი ამას არ ეთანხმება და ეს პოზიცია აშკარად გააჟღერა მეუფე ზენონმა.

ეს უთანხმოება გამომდინარეობს იქიდან, რომ მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი გახლავთ მთავრობის მხარდაჭერა.

მოდით, ვისაუბროთ ცოტა კულუარულადაც: რა აქვს ხელთ მეუფე შიოს? მეუფე შიოს ხელთ აქვს, პირველ რიგში, მოსაყდრეობა, ანუ პატრიარქმა ის აირჩია დროებითი მოვალეობის შემსრულებლად, საკუთარი ნების გამომხატველად და მასზე მოახდინა საკუთარი ფუნქციების დელეგირება. პატრიარქმა პირადად მას გამოუცხადა დიდი ნდობა.

მირიან გამრეკელაშვილი

მეორე: მეუფე შიო ამ პოზიციაზე მოსვლისთანავე ეცადა დაახლოებოდა საქართველოს მოქმედ მთავრობას და პოლიტიკურ ძალას, რაც გამოუვიდა კიდეც. მან პრინციპში გაუცვალა მთავრობას ეკლესიის სუვერენიტეტი. ეს არის ერთგვარი გარიგება და მისი მეორე რესურსი.

თუმცა ამის მიღმა მან, სამწუხაროდ, ვერ მოიპოვა საკუთარ კოლეგებში პირადი მხარდაჭერა. ის დიდი ნიჭი, რაც აწ განსვენებულ პატრიარქს ჰქონდა – ადამიანების, ასე ვთქვათ, გულების მოგების ნიჭი, მათი პატივისცემის მოპოვება და სიყვარული, მოსაყდრე შიოს, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა. ეკლესიას ერთგვარი პრივილეგია ჰქონდა – ჰქონოდა განსხვავებული აზრი. მეუფე შიოს ეპოქაში კრიტიკული აზრის გამოხატვას ეკლესია ძალიან ერიდებოდა.

მოსაყდრე შიო აღმოჩნდა ძალიან მიტმასნილი მთავრობასთან და რუსეთთან. პრინციპში მოსაყდრე შიო რუსეთში გაიზარდა, იქ ფორმირდა და ის სააზროვნო და კულტურული სივრცე მიაჩნია მას ძალიან მშობლიურად.

  • გარდა იმისა, რომ მეუფე შიომ მოსკოვში მიიღო სასულიერო განათლება და იქ მსახურობდა, რა გარემოებებმა აჩვენა რუსეთთან ახლო კავშირი

პირადად ჩემთვის მთავარი საზომი ის არ ყოფილა, რომ, მაგალითად, იქ სწავლობდა და მოღვაწეობდა. რუსეთთან კავშირის კუთხით მე თვალს ვადევნებდი მის ქადაგებებს, მის ინტერვიუებს, სადაც შეიძლება ადამიანს გაეგო, რა ტიპის აზროვნებისაა ეს იერარქი. იგი ხშირად პირდაპირ იმეორებდა რუსი მოაზროვნეებისა თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსების მოსაზრებებს – უბრალოდ აკოპირებდა და იმეორებდა ყოველგვარი კრიტიკული გააზრების გარეშე.

მოსაყდრე შიო ღიად ულოცავდა დაბადების დღეს და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულს მოსკოვის საეკლესიო იერარქებს. მის ქადაგებებში აშკარად ჩანდა სწორედ ის პოლიტიკური და სოციალური ფილოსოფია, რაც ესოდენ პოპულარულია დღევანდელ რუსეთში.

მოსაყდრე შიოს უშუალო მონაწილეობის ხარჯზე კიდევ უფრო მკაფიო და დესტრუქციული როლი მოიგო ეკლესიამ სექსუალური უმცირესობების დევნისა და შევიწროების საქმეში. ის პირადად მივიდა აქციაზე, სადაც ეკლესიის მიერ მობილიზებულმა ძალებმა და მათ მიერ მოყვანილმა ხალხმა დაარბია რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი, სცემეს ადამიანებს, შეურაცხყვეს… მას არათუ არაფერი გაუკეთებია ამ ძალადობის საწინააღმდეგოდ, არამედ აქეზებდა კიდეც ამ სასულიერო რესურსს, რომ ეს საჭიროა და ჩვენ ვიცავთ თითქოს რაღაც მორალურ საყრდენებს, ღირსებას და ასე შემდეგ.

როდესაც ადამიანი ამ პოზიციაზეა, ის არ არის მხოლოდ ჰეტეროსექსუალების პატრიარქი, მან უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანის და ყველა ფენის ადამიანის ინტერესები. ამ შემთხვევაში მან უბრალოდ აიღო რუსული ეთნონარატივი, რომ დარბევა განსხვავებული ადამიანების და მათი დევნა-შევიწროება არის ჩვეულებრივი, კარგი რამე.

  • მოსაყდრე შიოს პარალელურად კიდევ ვინ შეიძლება გახდეს პატრიარქობის კანდიდატი

უნდა შედგეს სინოდის ორი სხდომა. პირველი სხდომის ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს სამი კანდიდატი.

  • შემდეგ გაფართოებულ სხდომაზე საერო წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც სინოდი იღებს

გაფართოებულ სხდომა სამწუხაროდ მოქმედი რეგულაციით არ არსებობს. საერო წევრები მონაწილეობენ, მაგრამ მათ ხმის მიცემის უფლება არა აქვთ.

უნდა აღინიშნოს ერთი, ძალიან საინტერესო ამბავი: თავის დროზე პატრიარქი ილია მეორე არჩეულ იქნა სწორედ გაფართოებული კრების მიერ, სადაც მონაწილეობდნენ საერო პირები, მათ შორის, ქალები. შემდეგ, 1995 წელს, ეს მოდელი გადააკეთეს. გადაკეთების შემდეგ უკვე საერო პირები აღარ მონაწილეობენ ხმის მიცემის უფლებით. ასეთი ფორმატის პატრიარქის არჩევნები, რომელიც ახლა უნდა იყოს, პირველად გაიმართება.

აქამდე მუშაობდა სხვა სისტემა და ამ სხვა სისტემის მიხედვით პატრიარქს ყოველთვის ირჩევდა გაფართოებული კრება – სასულიერო და საერო პირები ერთად. ილია მეორეს არჩევის შემდეგ იყო რეფორმატორული ტალღა. მაშინ გამოჩნდა, რომ საქართველოს ეკლესიის შიგნით მთელი იერარქია, სასულიერო პირები და განსაკუთრებით ეკლესია და მონასტრები წარმოადგენენ ულტრაკონსერვატიულ პოზიციებს.

ვიდრე ილია მეორე ევროპაში მოგზაურობდა და სხვადასხვა რელიგიისა თუ ეკლესიის ლიდერს ხვდებოდა, თავაზიანად უღიმოდა, ამასობაში, ეკლესიაში ძალიან დიდი ძალა მოიკრიბა ძველი მორწმუნეების ფრთის იმპულსმა… ეს „სტაროვერები“ მაშინ აშკარად ღიად ემუქრებოდნენ პატრიარქს და აშანტაჟებდნენ კიდეც. ეუბნებოდნენ, რომ თუ ამას არ იზამდა, ისინი გავიდოდნენ სქიზმაში, თუ ამას არ გააკეთებდნენ, ამას იზამდნენ და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში მაინც მოხდა. 12 მონასტერი და რამდენიმე სამრევლო გავიდა კიდეც სქიზმაში, ანუ მოსწყდა დედა ეკლესიის სხეულს.

რადგან ცენტრალური ძალაუფლება საფრთხის ქვეშ დადგა, გადააკეთეს ეს მოდელი. სხვათა შორის, ამ მოდელის გადაკეთებას მაშინ აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მამა ბასილ კობახიძე, შემდგომში პატრიარქის დიდი კრიტიკოსი. მას ბუნებრივად არ მოსწონდა ეს.

ეს მოდელი გაკეთდა ამ მიზანშეწონილობით, რომ დაზღვეული ყოფილიყო ეკლესიის ცენტრალური იდენტობა და არ მომხდარიყო გახლეჩის შეუქცევადი პროცესი. ეს პროცედურა, რომელიც ახლა უნდა გაიარონ, არის სრულიად ახალი. 95 წლის კრების შემდეგ ჩვენ ახალი პატრიარქი არ გვყოლია. ილია მეორე მართავდა ეკლესიას ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი.

  • ეს მოდელი არის უპირატესობა მოსაყდრე შიოსთვის, გახდეს პატრიარქი

მოცემული მოდელის მიხედვით არჩევნები არის ნაკლებად გამჭვირვალე.

სხვათა შორის, გააჩნია, როგორ გამოიყენებს ამას თავად ეკლესია. საბოლოო ჯამში, ეკლესიის ბედს გადაწყვეტს მხოლოდ 39 ეპისკოპოსი. მთავრობას ნაკლებად აქვს გარედან ინტერვენციის შესაძლებლობა.

მეორე მხრივ კი, დიდია შესაძლებლობა, ამ 39 ეპისკოპოსიდან, დახშულ სიტუაციაში მეუფე შიომ კულუარული გზით, ასე ვთქვათ, მოუგვაროს უმრავლესობას და რაღაცნაირად შეძლოს მათგან საკმარისი ხმის მიღება.

  • ამიტომაც მოუწოდა ქართულ ოცნებას დმანისის ეპისკოპოსმა ზენონმა, არ ჩაერიოს ხელისუფლება ეკლესიის შიდა არჩევნებში?

დიახ, მეუფე ზენონი მიხვდა, რა შეიძლება გათამაშდეს. მან თავადაც იწვნია ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ტიპის კრიტიკა და მისი კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა. ის წინასწარ ცდილობს, არ ჩაერიოს ამ საკითხში ხელისუფლება, თუმცა ეს გარდაუვალი იქნება: მეუფე შიოს ერთ-ერთი მთავარი რესურსი, როგორც გითხარით, გახლავთ სწორედ მთავრობის მხარდაჭერა.

  • საპატრიარქოს შიგნით რა გადაჯგუფებები ხდებოდა ბოლო დროს ან რა შეიძლება გააქტიურდეს ახლა

ეს გადაჯგუფებები გარეგნულად უკვე ისე აღარ ჩანს, როგორც მანამდე, თუმცა არიან ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ საერთო ინტერესებს, საერთო მისწრაფებებს. მე მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ მათივე ინტერესებიდან გამომდინარე.

ეკლესიას ახლა უწევს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მის პოზიციებს გრძელვადიანი დროის ჭრილში განამტკიცებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი მოცემულ მომენტში არის შემდეგი: ვინ გახდება პატრიარქი და რა ტიპის პოლიტიკურ პოზიციას დაიჭერს ეკლესია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე? ფაქტია, რომ მიმდინარეობს საქართველოს  რუსიფიკაციის მცდელობა, როგორც პოლიტიკურად, ასევე კულტურულად. ეკლესია შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში ღიად ვერ მონაწილეობდეს, რადგან მათ არ გააჩნიათ პარტია ან ფრაქცია პარლამენტში, საკუთარი ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ კულტურულ იდენტობაზე მას უდიდესი გავლენა აქვს. ეს მისი სამოქმედო სივრცეა.

  • პროევროპული ორიენტაციის, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველი ბევრია ეპისკოპოსებს შორის? არსებობს შანსი, პროევროპული განწყობის პატრიარქი აირჩიოს სინოდმა

ბევრი არ არის, მაგრამ არის საკმარისი. ჩვენს სიტუაციაში საკმარისი უკვე კარგი მონაცემია.

რთულია წინასწარ განსაზღვრო, ვინ რას აპირებს და რა მოხდება გადამწყვეტ მომენტში. ისეა, როგორც აზარტულ თამაშებში: შეიძლება, წინასწარ განსაზღვრო, ვინ არის ძლიერ პოზიციაზე, მაგრამ საბოლოო შედეგის წინასწარ გამოთვლა ერთი-ერთში შეუძლებელია.

  • ამ ეტაპზე ვინ არის მოაზრებული პროევროპული განწყობის ეპისკოპოსებიდან პატრიარქობის კანდიდატად

არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ ამ ეტაპზე საქართველოს რუსიფიკაცია რაღაცნაირად უნდა შეჩერდეს, რადგან მთავრობები მოდიან და მიდიან, ქვეყანას კი, უწევს იარსებოს გარკვეულ სოციო-კულტურულ კონტექსტში. მათ ეს პოზიციები გაახმოვანეს კიდეც ღიად, უფრო მეტად წერილობითი სახით. საქართველოში წერილობით ინფორმაციას დიდი რეზონანსი არ აქვს ხოლმე, მაგრამ მათ ეს ღიად თქვეს.

  • რამდენიმე რომ ჩამოგვითვალოთ, რომელია ასეთი ეპისკოპოსი

აი, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პოზიციების ღიად გამომხატველი არის ფოთისა და სენაკის მიტროპოლიტი გრიგოლი, რომელიც პარალელურად აქვეყნებს ხოლმე საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებს. თუ ნახავთ მის ტექსტებს, ის ღიად საუბრობს რუსიფიკაციის საფრთხეზე. ის ამას ხედავს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული იდენტობის ჭრილშიც.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს გამოცდილება რუსეთის მხრიდან კულტურული ჰეგემონიისა და ძალმომრეობისა. შესაბამისად, ეკლესიის კულტურულ მეხსიერებაში ეს ლაქები არსებობს. შესაბამისად, ისინი ამოდიან ამ მომენტიდან: არაფერი კარგი რუსეთთან დაახლოებას საქართველოს ეკლესიისთვის არ მოუტანია, პირიქით, მისი საუკუნოვანი ტრადიციები განადგურდა, მთელი ხატწერის ნიმუშები და ასე შემდეგ განადგურდა, ჩვენს უძველეს გალობების ტექსტებსა და ნოტებს ვეძებთ სადღაც და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცებმა მოახერხეს მათი გადამალვა, დამარხვა და ასე შემდეგ.

ფაქტობრივად რუსეთთან დაახლოებამ ეკლესია მიიყვანა მაშინ დაღუპვის პირას. ეს მათ ახსოვთ და ამის მომხრე არ არიან არანაირად.

  • რუსეთის პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, თუმცა ილია მეორეს სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს. წერილში ხაზგასმულია, რომ ილია მეორე მხარს უჭერდა ტრადიციულ კეთილ ურთიერთობებს რუსეთის ეკლესიასთან. თქვენთვის რა იყო საინტერესო ამ წერილში

დიახ, ამ სამძიმარში მართლაც მინიშნება გარკვეულწილად იყო და ეს აშკარად არის რუსეთის პატრიარქის პოზიცია.

რუსეთის ეკლესია ეცდება, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში მოვიდეს ისევ რუსეთის მიმართ მინიმუმ სიმპათიით განწყობილი ადამიანი, რათა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე საქართველო არ დაუსხლტეს გავლენათა ორბიტიდან. ეს რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს არ სჯერა, რომ ჩვენ შეუქცევადი ევროპეიზაციის გზას ვადგავართ, თუმცა, მეორე მხრივ, არც ისეთი სულელები არიან, რომ არ იცოდნენ საზოგადოების განწყობა.

ჩვენ საქართველოში გვაქვს შემდეგი მოცემულობა – მთავრობა და მმართველი წრეები არიან პრორუსები. ისინი არიან პრორუსები სრულიად პრაგმატული საბაბით. საზოგადოება კი, არანაირად არ არის პრორუსული ამ გაგებით. პირიქით, პოლიტიკური ელიტის შვილები და შთამომავლები მიდიან სასწავლებლად არა რუსეთში, არამედ ევროპაში. ანუ უბრალოდ საქართველოს მთავრობაში მოვიდა ძალა, რომელიც ამბობს, რომ მოცემულ მომენტში დაპირისპირებას სჯობს ვამჯობინოთ დათმობა.

ამის მიღმა მათ გააკეთეს სრულიად ცინიკური კალკულაცია და მიხვდნენ, რომ შავი ფულის გაკეთება უფრო ადვილია მაშინ, თუ შეეკვრები ეგრეთ წოდებულ შანხაის ღერძს. ესე იგი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ვიდრე, მაგალითად, აწარმოო ღია ბიზნესი ევროკავშირში და ასე შემდეგ, სადაც არის ძალიან ბევრი რეგულაცია იმისათვის, რომ ადამიანმა შავი ფულის გაკეთება ვერ შეძლოს.

ამიტომაც, პოლიტიკური ელიტები ძირითადად ამყარებენ ამ ოპერაციებს – სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ რუსეთს, ირანს ეხმარებოდნენ ემბარგოს გვერდის ავლით გაყიდულიყო ნავთობი. ასევე, ვნახეთ ირანში სამძიმარზე ჩასული ირაკლი კობახიძე. ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ შინაგანად ამ პოლიტიკის გულწრფელი მხარდამჭერი არიან. უბრალოდ, ეს არის „ოცნების“ კლანის და მისი ელიტის სამოქმედო ჩარჩო.

  • ილია მეორეს გარდაცვალებით რა ეტაპი დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში? რა ეტაპი იწყება ამჯერად

ილია მეორეს გარდაცვალებით დასრულდა მისივე ეპოქა. მან ეკლესიის შიგნით შექმნა საკუთარი პირადი კულტი. ილია მეორემ ამაზე იმუშავა მთელი ძალისხმევით და ეს გამოუვიდა კიდეც. მან ეკლესიას მისცა საკუთარი სახე: ადამიანები უფრო რელიგიურები კი არ იყვნენ საქართველოში ბოლო დროს, არამედ პატრიარქი მოსწონდათ და უყვარდათ, პატრიარქი და ეკლესია მათთვის გაიგივებული იყო ერთმანეთთან.

სინამდვილეში, უნდა არსებობდეს სინოდალური მმართველობა და პატრიარქი უნდა იყოს ერთ-ერთი ეპისკოპოსთაგანი. ამიტომაც, მართლა რაღაც ისტორიული სახის და ქარიზმატული ლიდერის ეპოქა დასრულდა. თანამედროვე ეპოქაში ასეთი პერსონალური კულტის აშენება ალბათ უფრო ძნელი იქნება. ახლა უკვე ბევრი კრიტიკული მედიაა, სხვა საშუალებებია, წლების წინ კი, მხოლოდ მის ფოტოებს უყურებდა ხალხი.

ილია მეორე ტიპოლოგიურადაც ისეთი იყო: ყველასთან ახერხებდა საერთო ენის გამონახვას – დისიდენტებთან მეგობრობდა, ციხეში აკითხავდა მათ და არასოდეს დაუგმია ისინი. მეორე მხრივ, კომუნისტურ ელიტასთანაც პოულობდა საერთოს. ეროვნულ მოძრაობას მხარს უჭერდა, თუმცა ისინი როცა წავიდნენ, ახალ ძალასთანაც საერთო ენა გამონახა – ედუარდ შევარდნაძე მონათლა. სააკაშვილის რეჟიმის დროს „ვარდების რევოლუციის“ დროს არ მივიდა პარლამენტში და ასე შემდეგ.

ახლა რომ გადავხედოთ სინოდის წევრებს – ამგვარი დიპლომატიური ნიჭით და პლასტიკურობით გამორჩეული არცერთი არ არის.

თუ გაიმარჯვებს მოსაყდრე შიო და გახდება პატრიარქი, ჩვენ გველოდება წინ ძალიან ხისტი ეპოქა რელიგიური კულტურისა საქართველოში. ხისტი და მუნჯი – ერთ მონონარატივზე დაყვანილი რელიგიურობის კულტურა, როცა ყველასთვის ადგილი ეკლესიაში არ არის. ეს იქნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თავშესაფარი, კონკრეტული ტიპოლოგიის ადამიანებს შეეძლებათ თქვან, რომ ვართ ამ ეკლესიის წევრები. ის ჩანასახოვანი მრავალფეროვნება, რაც მანამდე არსებობდა და რამაც მინიმალური დოზით მაინც მოაღწია ჩვენამდე, საბოლოოდ არ მომწიფდება. ის მონოლითური გახდება.

  • პროევროპელი და შესაბამისად პროქართული პატრიარქის არჩევის შანსი მინიმალურია, მაგრამ ეს შანსი არსებობს

ძალიან ნაკლებია, თუმცა შანსი არსებობს. ჩვენ, ქრისტიანების ნაწილს, კვლავაც გვჯერა სულიწმიდის არსებობის. რაღაც მომენტში ადამიანების გონებას მაინც საღმრთო სიბრძნე გაანათებს და სწორ არჩევანს გააკეთებენ სინოდის წევრები.

batumelebi.netgazeti.ge