„არ იქნება ნავთობი, არ იქნება ფული“ - ორბანს უკრაინასთან დაპირისპირება ბრიუსელში გადააქვს
ხუთშაბათს, 19 მარტს, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში იმ იმედით იკრიბებიან, რომ კიევისთვის განკუთვნილი 90-მილიარდიანი სესხის საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ. უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს დაფინანსება უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული დაპირისპირების გამო არის დაბლოკილი. ევროგაერთიანებაში მოსკოვის ყველაზე ახლო პარტნიორი, ნაციონალისტი უნგრელი ლიდერი ევროკავშირის მხრიდან კიევისთვის დახმარების გაწევას დიდი ხანია ეწინააღმდეგება და სანქციების არაერთ რაუნდს აფერხებს. ამჯერად, ორბანი 90 მილიარდი ევროს ($104 მილიარდი) ოდენობის სესხს ბლოკავს და ბერკეტად უკრაინაზე გამავალი ნავთობსადენის დაზიანებას იყენებს, რის გამოც უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობის ნაკადი შეუჩერდათ. 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნების წინ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ანტიბრიუსელურ და ანტიუკრაინულ ნარატივებს იყენებს და როგორც ჩანს, ხისტ თამაშს ბოლომდე აპირებს.
„არ იქნება ნავთობი, არ იქნება ფული, - გააფრთხილა მან კიევი და ბრიუსელი, - თუ პრეზიდენტ ზელენსკის სურს, ბრიუსელიდან ფული მიიღოს, მაშინ „დრუჟბას“ ნავთობსადენი ხელახლა უნდა გაიხსნას“. ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ნავთობსადენის შეკეთების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, მაშინ, როცა უკრაინის ბრძოლისუნარიანობის მხარდაჭერასთან ამ საკითხის მიბმას ზელენსკი „შანტაჟად“ მიიჩნევს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ევროკომისიამ ამ კვირაში უკრაინაში გაგზავნა სპეციელისტების გუნდი, რომელსაც ნავთობის ტრანზიტის აღდგენაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ ბუდაპეშტმა ეს ინიციატივა „სპექტაკლად“ შეაფასა და თავისი პოზიციის შეცვლაზე უარი თქვა. ასე რომ, ბრიუსელში დიდი დაპირისპირების კონტურები იკვეთება, რომლის დროსაც ბალანსირება ორბანის ევროპელი კოლეგებისთვის რთული საქმე იქნება.
„გეგმა B არ არსებობს“
ეს კარგად ნაცნობი რუტინაა ბრიუსელისთვის, სადაც ორბანს უკრაინისასთან დაკავშირებული უამრავი გადაწყვეტილება შეუფერხებია, თუმცა ბოლოს გამოსავალი ყოველთვის მოიძებნებოდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევის დროს, მას ოთახის დატოვებაც კი მოუწია, სანამ შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დაამტკიცებდნენ. ახლაც საკმაოდ დიდი იმედგაცრუებაა იმის გამო, რომ ორბანმა უარი თქვა კიევისთვის 90-მილიარდიანი სესხის გამოყოფის მხარდაჭერაზე, რასაც დეკემბერში გამართულ წინა სამიტზე პირადად დაუჭირა მხარი. „ყველას სურს ამ საკითხის მოგვარება“, - ასე შეაჯამა შექმნილი ვითარება ევროკავშირის ერთ-ერთმა ინკოგნიტო დიპლომატმა და დასძინა, რომ უნგრელი ლიდერის ქცევა სხვა დედაქალაქებს „მეტ-ნაკლებად ყელში ამოუვიდათ“. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი, ნავთობსადენის საკითხში, „გარკვეულ დინამიკაზე“ საუბრობს და გარღვევის შანსს ხედავს, როდესაც ლიდერები 19 მარტს ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. თუმცა, სხვა დედაქალაქებიდან წამოსული გზავნილები ნაკლებად ოპტიმისტურია.
„მივაღწევთ პროგრესს? ძალიან მეეჭვება“, - ამბობს ევროკავშირის ინკოგნიტო დიპლომატი. მისი აზრით, ორბანი „არ დათმობს“ პოზიციას, რომელიც მის ამომრჩევლებზე კარგად მუშაობს. გამოკითხვებში ორბანი თავის მთავარ კონკურენტს, პეტერ მადიარს ჩამორჩება. ამიტომ, ევროპელი ლიდერები ერიდებიან, უნგრეთის პრემიერს, მასზე საჯარო თავდასხმით, მისცენ შანსი, რომ ევროკავშირის სცენაზე დამოუკიდებელი მოთამაშის იმიჯი გაიმყაროს. ამ კვირაში ნავთობსადენის საკითხის ვერმოგვარება, სავარაუდოდ, ამ საკითხს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე გადასწევს.
გაძლებს თუ არა უკრაინა უნგრეთის არჩევნების დასრულებამდე? ამის თქმა ძნელია, ამბობენ ევროკავშირის ინსაიდერები. ბიუჯეტის დეფიციტის წინაშე მდგარ კიევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხების შედინება სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში დასჭირდება. ამისთვის კი აუცილებელია, რომ ევროკავშირის სესხის განბლოკვა აპრილის შუა რიცხვებისთვის მოხდეს. სანამ ორბანი ჯიუტობს, გავრცელდა ხმები უკრაინის გადასარჩენად ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღების შესახებ - მაგრამ ევროკავშირის მეორე ინკოგნიტო დიპლომატმა ამ იდეას ცივი წყალი გადაასხა. „გარდამავალი გადაწყვეტილებები ან გეგმა B არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა და ეს არის გეგმა A - ორბანმა თავისი დაპირება უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მან.
წყარო: 1 არხი