უკრაინის სამხრეთი ნაწილში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, მდინარე დნესტრში საწვავმა გაჟონა, რამაც მეზობელ მოლდოვაში წყალმომარაგების სისტემები დააბინძურა. აღნიშნულის გამო, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ ბელციში, წყალმომარაგება მთლიანად შეწყდა. სააგენტო „როიტერი“ამ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელსაც სურს, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ათწლეულის ბოლომდე ევროკავშირში შეიყვანოს, განაცხადა, რომ მდინარე დნესტრის დაბინძურებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება.
მოლდოვის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გაჟონვამ წყალმომარაგების შეფერხება 90 000-იან ქალაქ ბელცისა და მოლდოვის კიდევ სამ სხვა ქალაქში გამოიწვია. ასეთი მდგომარეობა, სავარაუდოდ, სულ მცირე, 12 საათის განმავლობაში შენარჩუნდება.
დახურული სკოლები და საგანგებო მდგომარეობა
მოლდოვამ კვირას 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დაბინძურების მასშტაბი გახდა ცნობილი. ადგილობრივ ხელისუფლებას სკოლების დახურვა მოუწია და მოსწავლეებს ონლაინ-სწავლებაზე გადასვლა დაევალათ.
„ჩვენ ეკოლოგიური განგაში გამოვაცხადეთ და ვიღებთ ზომებს ხალხის დასაცავად“, - დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში, 7 მარტს ნოვოდნესტრის ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. „მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“, - დასძინა მან. ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა.
ისტორიული სამიტი მოლდოვას ევროკავშირთან აახლოებს, რუსეთი დეზინფორმაციას აძლიერებს (ჩეხურ ენაზე)
უკრაინაში რუსეთის შეჭრა სანდუმ არაერთხელ დაგმო და მოსკოვი მისი მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. კრემლი, თავის მხრივ, მას „რუსოფობიაში“ ადანაშაულებს.
ევროკავშირის კომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, დაბინძურების კონტროლის კუთხით, კიშინიოვს დახმარება გაწიოს. 2020 წელს, პრეზიდენტად სანდუს არჩევის შემდეგ, ევროკავშირმა მოლდოვას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.
„ეს არის შეხსენება, რომ რუსეთის ომი უკრაინის საზღვრებთან არ სრულდება“, - დაწერა კოსმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“). „ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მოლდოვის რესპუბლიკას“, - დასძინა მან.
წყარო: 1 არხი