ვარშავის საკრებულოს წევრებმა ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვას (დედაქალაქის მასშტაბით) დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტილება 1 ივნისიდან შევა ძალაში, თუ მას რეგიონის გუბერნატორი არ დაბლოკავს.

ვარშავის საკრებულომ შემზღუდავი ზომა 57 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ორივე საწინააღმდეგო ხმა კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წარმომადგენელ დეპუტატებს ეკუთვნით. დედაქალაქის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების დამტკიცებამდე, შეზღუდვას მხარი თვრამეტივე რაიონულმა საბჭომ დაუჭირა.

ახალი წესების თანახმად, ალკოჰოლის გაყიდვა, მთელი ვარშავის მასშტაბით, საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებს, მაგრამ არ გავრცელდება ვარშავის შოპენის სახელობის აეროპორტის უბაჟო („დუთი ფრი“) ზონის მაღაზიებზე. რესტორნები, ბარები და სხვა მსგავსი დაწესებულებები შეზღუდვას არ დაექვემდებარებიან.

ვარშავაში ღამით ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ დებატები წლებია მიმდინარეობს. პირველი ბიძგი მას ურბანულმა მოძრაობა Miasto Jest Nasze-მ („ჩვენი ქალაქი“) მისცა.

ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი, თავდაპირველად, შეზღუდვას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მოგვიანებით, 2025 წლის 1 ნოემბრიდან, მისივე ინიციატივით, ვარშავის ორ რაიონში საპილოტე სქემა ამოქმედდა.

ტშასკოვსკის განცხადებით, შრუდმიეშჩესა და პრაგა-პულნოცში დანერგილმა საპილოტე პროგრამამ აჩვენა, რომ ანტიალკოჰოლურმა პოლიტიკამ შეიძლება კარგად იმუშაოს.

მისივე თქმით, საკრებულოს ეს ნაბიჯი წარმოადგენს სათანადო პასუხს ვარშავის მოსახლეობის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე, მათ შორის - ხმაურზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე, სასწრაფო დახმარების გამოძახებებსა და უძილო ღამეებზე.

ცენტრისტული სამოქალაქო კოალიციის (KO) წარმომადგენელმა, ანა აუქსელ-სეკუტოვიჩმაც ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქის საკრებულომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ვარშავა უფრო მშვიდი, უსაფრთხო და უკეთ მართვადი ქალაქი გახდეს.

PiS-ის სახელით გამოსვლისას, საკრებულოს წევრმა, ფილიპ ფრონცკოვიაკმა აღნიშნა, რომ ღამით ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვამ შეიძლება გააუმჯობესოს უსაფრთხოება ქალაქის საკვანძო ნაწილებში, მათ შორის მატარებლის სადგურებსა და საჯარო უწყებების მიმდებარე ტერიტორიებზე.

თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ შეზღუდვები საკმარისი არ იქნება და მუნიციპალური დაცვისა და პოლიციის მხრიდან მეტი პატრულირება მოითხოვა.

კენჭისყრის შედეგებს მიესალმა მემარცხენე ალიანსი, რომელშიც შედიან „მემარცხენეები“, Miasto Jest Nasze და Wspólne Jutro („საერთო მომავალი“). ალიანსის წარმომადგენლის, აგატა დიდუშკო-ზიგლევსკას თქმით, ასეთი შეზღუდვის შემოღებას მისი ჯგუფი წლების განმავლობაში ითხოვდა.

ვარშავის საკრებულოს წევრებმა ასევე დაამტკიცეს რეზოლუცია, რომელიც ქალაქში ალკოჰოლის გაყიდვის ნებართვების საერთო რაოდენობას ამცირებს. ეს გადაწყვეტილება 45 ხმით მიიღეს, 13-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, მაღაზიებისთვის საცალო ვაჭრობის ნებართვების რაოდენობა 310-ით მცირდება, ხოლო სასტუმროების სფეროში მოქმედი ბიზნესებისთვის 20-ით იზრდება, რაც, საერთო ჯამში, ნებართვების 290-ით შემცირებას ნიშნავს.

ამ პოლიტიკის გატარებაში ვარშავა მარტო არ არის - 1 ივნისიდან, ღამის საათებში ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვას დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 100 კმ-ში მდებარე ქალაქი პლოცკიც გეგმავს.

რიგმა ქალაქებმა და მუნიციპალიტეტებმა, ცენტრალური მაზოვიის რეგიონის მასშტაბით, 2025 წელს ან მსგავსი შეზღუდვები მიიღეს, ან მათი შემოღებისკენ მიმართული რეზოლუციები დაამტკიცეს, ხოლო ვარშავის გარეუბან ზამბკიში მსგავსი შეზღუდვა ერთი წლით ადრე ამოქმედდა.

წყარო: 1 არხი