საწვავის გაძვირების ფონზე, უახლოეს თვეებში ტურისტული ფრენების გაძვირება მოსალოდნელია, თუმცა ამ ეტაპზე, ავიაბილეთების ფასებზე ეს ტენდენცია მკვეთრად არ ასახულა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ტურისტული კომპანია Winglet-ის საოპერაციო დირექტორი ნინი სოხაძე საუბრობს და განმარტავს, რომ მსგავსი პროცესები, როგორც წესი, გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება.
მისი თქმით, საწვავის ფასის ზრდა ავიაბილეთების გაძვირებაზე პირდაპირ მოქმედებს, თუმცა ეს ცვლილება მყისიერი არ არის. „რა თქმა უნდა, საწვავის გაძვირება პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს ავიაბილეთების ფასზე. ეს ორ-სამ დღეში არ ისახება, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, რამდენიმე თვეში, როგორც წესი, აუცილებლად აისახება და ბილეთები ძვირდება“, - აცხადებს სოხაძე.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია გლობალურია და არ ეხება მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებს.
ამასთან, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ტურისტულ ბაზარზე მოთხოვნა უკვე შემცირებულია. სოხაძის თქმით, მოგზაურები თავს იკავებენ მოგზაურობისგან, რაც ბუნებრივ რეაქციად მიიჩნევა. „ამ მომენტისათვის მოთხოვნა შემცირებულია ყველა მიმართულებით. აქ მხოლოდ კონფლიქტურ ზონებზე არ არის საუბარი. ზოგადად, მოგზაურები თავს იკავებენ და ეს ლოგიკურია ასეთი მასშტაბის მოვლენების ფონზე“, - აღნიშნავს ის.
განსაკუთრებით დაზარალდა ის მიმართულებები, რომლებიც სეზონურად ყველაზე აქტიური იყო, მათ შორის აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნები. სოხაძის თქმით, ამ მიმართულებებზე ტურისტული ნაკადების კონცენტრაცია მაღალი იყო, რის გამოც როგორც მოგზაურები, ისე ტურისტული კომპანიები და ავიაკომპანიები მნიშვნელოვან სტრესში აღმოჩნდნენ. „ფაქტობრივად, ამ პერიოდისთვის ჯავშნების დაახლოებით 80% მოდის ამ მიმართულებებზე და მათი გაუქმება ბუნებრივია დიდ ფინანსურ დანაკარგებს იწვევს“, - ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, დუბაის, აბუ-დაბისა და შარჯას მიმართულებით ფრენები მარტის ბოლომდე სრულად გაუქმებულია, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს ბაზარზე. ამასთან, იმ მგზავრებმა, ვისაც კონფლიქტური ზონების გავლით ჰქონდათ დაგეგმილი მოგზაურობა, ალტერნატიული მარშრუტებით უკვე შეძლეს დაბრუნება, ხოლო ახალი ჯავშნებისგან მომხმარებლები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
სოხაძე ხაზს უსვამს, რომ ამ დროისთვის ავიაბილეთები თვალში საცემად არ გაძვირებულა და ზოგიერთ უსაფრთხო მიმართულებაზე წინასწარი ჯავშნებიც კი შედარებით ხელსაყრელია. თუმცა, ის მომხმარებლებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ დაზღვევას. „დღეს თითქმის ყველა ავიაკომპანია და სასტუმრო გვთავაზობს დამატებით მომსახურებას. მცირე დამატებითი საფასურის სანაცვლოდ სრულად გიზღვევს ხარჯებს. მაგალითად, დაახლოებით 60 ევროს ფარგლებში შესაძლებელია 10 000 ლარამდე დაზღვევა, რაც ამ რისკების გათვალისწინებით ნამდვილად მიზანშეწონილია“, - აღნიშნავს იგი.
რაც შეეხება უსაფრთხო მიმართულებებს, სოხაძის შეფასებით, ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურ არჩევანად ევროპის ქვეყნები მიიჩნევა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ინდივიდუალურია. ამასთან, ის განმარტავს, რომ ავიაკომპანიები უსაფრთხოების საკითხში კომპრომისზე არ მიდიან. „თუ რაიმე საფრთხე არსებობს, ავიაკომპანიები თავადვე აუქმებენ ფრენებს. უსაფრთხოება პრიორიტეტულია და ასეთ პირობებში ფრენის განხორციელება არცერთ კომპანიას არ უღირს“, - აცხადებს ნინი სოხაძე.
მისი შეფასებით, მიმდინარე ეტაპზე ბაზარზე მთავარი ტენდენცია მოთხოვნის შემცირებაა, თუმცა თუ საწვავის ფასების ზრდა გაგრძელდება, ავიაბილეთების გაძვირება უახლოეს თვეებში გარდაუვალი გახდება.