საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ლონდონსა და პარიზში გამართულ International Media Marketplace-ზე ბრიტანული, ფრანგული და  ამერიკული მედიის წარმომადგენლები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ.  ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაესწრო საერთაშორისო მედია კონფერენციებს, რომელიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვემართა შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიც არის: BBC, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic და სხვა. როგორც იცით ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მუდმივად მზადდება სტატიები და გადაცემები აღნიშნულ მედიებში. ჩვენთვის ევროპული ბაზარი, კონკრეტულად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი ამ ქვეყნებიდან წარმატებული იქნება და საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური შემოვა“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე  ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს BBC Travel-ის, National Geographic Traveller-ის, The Guardian-ის, The Telegraph-ის, The Independent-ის, Daily Mail-ის, Conde Nast Traveller-ის, Le Figaro-ს, Voyage-ის,

National Geographic France-ის, Le Monde-ის, Le Parisien-ის, GEO-ს, National Geographic Traveller France-ის, Condé Nast Traveller France-ისა და TourMaG-ის,  TV5-ის, Lonley Planet-ის, Premium Magazine-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტებთან, მოგზაურ ავტორებთან და ბლოგერებთან.

„უკვე მე-14 წელია, რაც გაერთიანებულ სამეფოში „Travel Media“-ს საერთაშორისო მედია მარკეტინგის (IMM) ღონისძიებას ვმასპინძლობთ. ამ ფორუმს ვატარებთ სინგაპურში, სიდნეიში, ბერლინში, პარიზში, ასევე ლონდონსა და ნიუ-იორკში. კარგი იქნებოდა, ეს ღონისძიება საქართველოშიც რომ ჩაგვეტარებინა.  საქართველო ამ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონაწილეა, რადგან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც ქვეყანა აქ ასეთი სახითაა წარმოდგენილი. თქვენ აქ არ გაქვთ მუდმივი ოფისები ან PR-წარმომადგენლობა, ამიტომ რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე უშუალოდ  საქართველოდან ჩამოსულ ადამიანებთან საუბარი ქვეყნის შესახებ. ჩვენ ძალიან გვიხარია საქართველოს აქ ყოფნა და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანა ბევრ დაინტერესებულ სტუმარს მიიზიდავს“,-ამბობს Travmedia, International Media Marketplace (IMM),  The Summit, TravTrade  - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ვეილენდი.

ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების, კურორტების, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

International Media Marketplace მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 14 წელია იმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს