კომერსანტის „ღია ეთერის“ შემდეგ, ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავას, ჩვენთან ინტერვიუში ახალი რაკურსით განიხილავს. ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ დავის ბრიტანეთის იურისდიქციაში გადატანა და სარჩელის ანტისახელისუფლებო ელფერი ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის პოლიტიკურ მიკუთვნებულობას ააშკარავებს. ანალიტიკოსის აზრით, ამას თან ერთვის ბრიტანულ ტელეგრფში შეკვეთილი სტატია, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს ოპოზიციური მოძრაობის ეკონომიკური იდეოლოგების იმდროინდელ მოწოდებებს.
- ბატონო გიორგი, ეთერში თქვენ აღნიშნეთ, რომ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ირგვლივ მიმდინარე დავა პოლიტიკური უფროა, ვიდრე სამართლებრივი. რა იგულისხმეთ ამ მოსაზრებაში?
- ამ დავის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, ვფიქრობ, მკაფიოდ გამოხატული პოლიტიკური კომპონენტია. ნათია ჯანაშიას მხარის, ანუ მოსარჩელე მხარის მიერ პარალელურად სამართლებრივი პროცესის ინიცირება უცხოურ იურისდიქციაში, კერძოდ, ლონდონის სასამართლოში და ამ ნაბიჯის გამართლება არგუმენტით, თითქოს ეროვნული სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას, სცდება წმინდა სამართლებრივ ჩარჩოებს. აღნიშნული ნარატივი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დავას მიზანმიმართულად ენიჭება არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური და ინსტიტუციური დისკურსის ელემენტები, რაც არსებითად აძლიერებს ქვეყნის ინსტიტუციური სანდოობის დელეგიტიმაციის რისკს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.
- პოლიტიკურ მდგენელს, ზოგადად, განსაზღვრავს გარკვეული დროითი ჩარჩოები და თარიღები. რა მოვლენების ერთობლიობა ქმნიდა იმ რისკებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ?
- დიახ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავის გარკვეული პროცესების დროითი თანხვედრა პოლიტიკური დესტაბილიზაციის პროცესებთან. განსაკუთრებით კრიტიკული იყო 2025 წლის თებერვალ–ივნისის პერიოდი, როდესაც საქართველო ერთდროულად აღმოჩნდა შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისისა და საგარეო სტრატეგიული ნდობის ეროზიის პირობებში. ეს არ ყოფილა მხოლოდ ოპოზიციური პროტესტი ახალი არჩევნების მოთხოვნით — პროცესი გაცილებით უფრო რადიკალურ ფაზაში გადავიდა, რაც გამოიხატა პარლამენტის ბოიკოტის მოწოდებებში, გაფიცვებისკენ საჯარო მოწოდებებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების კამპანიაში. აღნიშნული დინამიკა ქმნიდა სახელმწიფოს ფუნქციონირების პარალიზების რეალურ რისკს.
დამატებით, ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზარდა დიპლომატიურ კორპუსზე, რასაც მოჰყვა ელჩების ნაწილის დემონსტრაციული გადადგომა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა სახელმწიფო აპარატის სხვა დონეებზეც.
პარალელურად ჩამოყალიბდა ფინანსური მექანიზმები (ფონდების სახით), რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო სამსახურის დატოვებისა და სამართალდარღვევების წახალისებას. აღნიშნული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქმე გვქონდა არა მხოლოდ სპონტანურ პროტესტთან, არამედ კოორდინირებულ პოლიტიკურ ზეწოლასთან, რომელსაც გააჩნდა სისტემური ხასიათი.
ფაქტობრივად, ეს პერიოდი შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიტიკური კრიზისის პიკი, სადაც იკვეთებოდა ხელისუფლების ქუჩის პროტესტის ანუ ძალადობრივი გზით ცვლილების სტრატეგია, პროცესში როგორც შიდა, ისე გარე აქტორების აქტიური ჩართულობით. სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებდნენ მაღალი წნეხის პირობებში, რაც ზრდიდა სისტემური დესტაბილიზაციის რისკებს.
- შეეხო თუ არა თქვენ მიერ ზევით ნახსენები პროცესები ეკონომიკურ სფეროს?
- დამატებით სიმძაფრეს პროცესს სძენდა ისიც, რომ მასში აქტიურად ერთვებოდნენ ფინანსური სექტორის ყოფილი მაღალი რანგის ფიგურები, მათ შორის, რომან გოცირიძე და სხვები. მათი მხრიდან გაჟღერებული პროგნოზები — ეკონომიკური კოლაფსი, ლარის მკვეთრი გაუფასურება, რეზერვების ამოწურვა, საერთაშორისო იზოლაცია — ქმნიდა შიშისა და გაურკვევლობის ფონს. ასეთ დროს მსგავსი განცხადებები აღარ არის უბრალოდ ანალიტიკა — ეს ხდება მოლოდინების მართვის და, გარკვეულწილად, ზეწოლის ინსტრუმენტი.
პარალელურად, ოპოზიციური სპექტრი მოქმედ პრეზიდენტად კვლავ ასახელებდა სალომე ზურაბიშვილს, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა ინსტიტუციურ დაპირისპირებას და ქმნიდა ორმაგი ლეგიტიმაციის შთაბეჭდილებას.
აღნიშნული გარემოებები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური და საინფორმაციო კონტექსტის გასაგებად, არამედ იმისთვისაც, რომ უკეთ დავინახოთ, რა ფონის პირობებში გადავიდა დავა საერთაშორისო იურისდიქციაში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაციის პერიოდს ემთხვევა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ში 2025 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია — სკანდალური სათაურით: “Georgia’s drift towards authoritarianism has repercussions for the London Stock Exchange”, რომელიც მოგვიანებით გამოცემამ სრულად წაშალა.
- „ტელეგრაფმა“ ქართველი ჟურნალისტის გამოქვეყნებული ეს სტატია მალევე წაშალა...
- ფაქტია, რომ ეს სტატია აღარ იძებნება „ტელეგრაფში“. სტატიის წაშლა აჩენს კითხვებს მისი შინაარსის სანდოობასა და რედაქციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა მისი გამოქვეყნების დროითი კონტექსტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საგულისხმოა, რომ იგი გამოქვეყნდა იმავე დღეს, როდესაც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პარტნიორთა კრება იყო დანიშნული, სადაც განიხილებოდა ნათია ჯანაშიას თანამდებობრივი საკითხი.
სტატია იმითაც იქცევს ყურადღებას, რომ მასში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსიდან გადახვევაზე, რაც მნიშვნელოვნად ემთხვევა თბილისში მიმდინარე პროტესტებისას ჩამოყალიბებულ ოპოზიციურ ნარატივს. ამავე დროს, მასალაში წარმოდგენილი ბრალდებები კერძო სუბიექტების მიმართ დამატებით პოლიტიზაციას სძენს საკითხს და აჩენს კითხვებს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების შესაძლო გადაკვეთის შესახებ.
ნათია ჯანაშიას მოხსენიება იმავე კონტექსტში, სადაც საუბარია საქართველოს მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე, ინვესტორთა გადინებასა და უარყოფით ეკონომიკურ პროგნოზებზე, ქმნის ერთიან სურათს, სადაც პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო პროცესები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის საერთაშორისო მედია-ნარატივები, განსაკუთრებით ავტორიტეტულ პლატფორმებზე გავრცელების შემთხვევაში, გავლენას ახდენს ქვეყნის ინსტიტუციურ აღქმაზე და ქმნის შესაბამის ფონს სამართლებრივი დავების საერთაშორისო არენაზე გადატანისთვის. სწორედ ამგვარი საინფორმაციო და პოლიტიკური კონიუნქტურის ფონზე დაიწყო დავა ლონდონის სასამართლოში უკვე ივნისის თვეში, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ სამართლებრივი ნაბიჯი არ იყო სრულად იზოლირებული უფრო ფართო პოლიტიკური და საინფორმაციო პროცესებისგან.