აშშ-ში ბაზირებული საიმიგრაციო იურიდიული კომპანია Kamkhadze PA Immigration Law Firm-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ იმ 5 000-დან 15 000 დოლარამდე დეპოზიტისგან გათავისუფლება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სამოგზაურო და ტურისტული ვიზის მისაღებად დაუწესა, არა კონსულის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ანა ქამხაძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-ის კანონმდებლობით 15 000 დოლარამდე დეპოზიტის მოთხოვნა ინდივიდუალურ შემთხვევებში ამ დრომდეც იყო, თუმცა 2 აპრილიდან ეს გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის სისტემური კომპონენტი ხდება.

"სავიზო დეპოზიტის პროგრამის მექანიზმი, ამერიკის კანონში პირდაპირ იყო გათვალისწინებული და კონსულს უფლებას აძლევდა, მოეთხოვა დეპოზიტი, თუ პირის მიერ დროულად არ დატოვების რისკი არსებობდა. კანონში ნახსენებია ტერმინი "შეიძლება მოითხოვოს" და არა "აუცილებლად უნდა მოითხოვოს". შესაბამისად, ეს ფორმალურად დისკრეციული გადაწყვეტილება იყო, რომელიც მხოლოდ ე.წ. Borderline შემთხვევაში გამოიყენებოდა, როცა პირი ფორმალურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ მისი დაბრუნება სრულად გარანტირებული არ არის. თუმცა პრაქტიკაში ეს დისკრეცია სტანდარტიზირდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციებისა და უკვე საქართველოს საკონსულოს განმარტებით, ბონდის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის სისტემური კომპონენტი ხდება. ეს აღარ არის ინდივიდუალური გამონაკლისი, ეს არის უკვე სტანდარტული პროცედურა.

გამონაკლისი აქაც ფორმალურად არსებობს, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსულოს დონეზე, არამედ ცენტრალურ დონეზე ვაშინგტონში და უკავშირდება ძირითადად ამერიკის ეროვნულ ინტერესს და ჰუმანიტარულ შემთხვევებს. ეს ნიშნავს, რომ კანონის დისკრეცია პრაქტიკაში მნიშვნელოვნად არის შევიწროებული", - განმარტავს ანა ქამხაძე.

დეპოზიტების პროგრამის თანახმად, 15 000 დოლარამდე მოსაკრებელი ვიზის მფლობელს მას შემდეგ უბრუნდება ანგარიშზე, რაც ის აშშ-ის ტერიტორიას დარღვევის გარეშე დატოვებს, ან საერთოდ არ გაემგზავრება ქვეყანაში. თუმცა ანა ქამხაძე აღნიშნავს, რომ დარღვევა მხოლოდ ვადაგადაცილებას არ მოიაზრებს.

"საქმიანი დილას" ეთერში Kamkhadze PA Immigration Law Firm-ის დამფუძნებელმა ტურისტული და ბიზნეს ვიზებისთვის დაწესებული შეცვლილი პირობებიც დაასახელა.

"დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ასევე არასაიმიგრაციო სტატუსიდან საიმიგრაციო სტატუსზე გადასვლის მცდელობა, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა, ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეესაბამება იმ სტატუსს, რომლის საფუძველზეც მოხდა ქვეყანაში შესვლა. ანუ, პრაქტიკაში ბონდის პირობები ზღუდავს არა მხოლოდ ყოფნის ვადას, არამედ შემდგომში საიმიგრაციო გზების გამოყენების შესაძლებლობასაც.

კანონმდებლობაში ნახსენებია სტუდენტური ვიზაც და ამ შემთხვევაშიც შეიძლება დეპოზიტი დაწესდეს ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუმცა ამის აქტიური გამოყენება არ ხდება, რადგან სახდეპს ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. რაც შეეხება B1/B2 ტიპის ვიზებს, აქ ცვლილებები უკვე ძალიან კონკრეტულია: ტურისტული ვიზა ხდება ერთჯერადი და მოკლევადიანი, 3-თვიანი ვადით, და ქვეყანაში ყოფნის ვადა ხშირად განისაზღვრება მხოლოდ 30 დღით. ანუ სისტემა გადავიდა კონტროლირებად, მოკლე ციკლებზე დაფუძნებულ მოდელზე და ეს არ იქნება 10-წლიანი ვიზა, რომლის გამოყენების შემთხვევაში, როგორც წესი, აპლიკანტი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 6 თვით დაიშვებოდა", - ამბობს ის.

ანა ქამხაძემ ასევე განმარტა, რომ სავიზო დეპოზიტის პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებები 2 აპრილამდე გაცემული ვიზის მფლობელებზე არ ვრცელდება, თუმცა არის გარკვეული შემთხვევები, როცა მათი აშშ-ში დარჩენა, 30 დღეზე მეტი ვადით, შეზღუდულია.

"ვიზებს, რომელიც უკვე გაცემულია, ეს ახალი რეგულაცია არ ეხებათ, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პრაქტიკული განმარტება: სანამ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეს ახალი რეგულაცია გამოიცემოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ძველი 10-წლიანი B1/B2 ტიპის ვიზით შემოდიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ძალიან გახშირდა შემთხვევები, როდესაც ქვეყანაში 30 დღით დაიშვებოდნენ და არა 6 თვით, როგორც მანამდე სტანდარტული პრაქტიკა იყო.

შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ეს გაგრძელდება. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როცა საქართველო ამ სიაში უკვე მოხვდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანი იყენებს თუნდაც ძველად გაცემულ B1/B2 ტიპის ვიზას, 10-წლიანი ვადით, აქ გაითვალისწინოს, რომ სასაზღვრო ოფიცრის მიერ განსაზღვრული წესით, შესაძლებელია, ქვეყანაში დარჩენის უფლება მხოლოდ 30 დღით ჰქონდეს", - ამბობს ანა ქამხაძე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "სავიზო საგარანტიო საპილოტე პროგრამა", 49 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოზეც გაავრცელა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით B1 ან B2 კატეგორიის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ფინანსური გარანტიის (ე.წ. ბონდის) წარდგენა მოუწევთ. საპილოტე პროგრამა ძალაშია 2026 წლის 5 აგვისტომდე და პერიოდში, საგარანტიო თანხის (ბონდის) გადახდისგან გათავისუფლებაზე განაცხადის შეტანის პროცედურა არ იმოქმედებს.

საქართველოსთან ერთად, 18 მარტს ჩამონათვალს 11 ქვეყანა დაემატა: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.

მანამდე პროგრამა 38 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდებოდა. ესენია: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნიმბია, ნეპალი, ნიგერია, საო-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.

წყარო: Bm.ge